
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მართლმსაჯულების პაროდია და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი, – ამის შესახებ ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მზია ამაღლობელს ორ წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც სიმბოლურ სილას გულისხმობდა.
„2025 წლის 6 აგვისტოს, ბათუმის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი: ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ბათუმელებისა და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს ორ წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც სიმბოლურ სილას გულისხმობდა.
ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მართლმსაჯულების პაროდია და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი“, – წერს ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
0
0