
ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ გადაწყვიტა დამალოს ის უსამართლობა, რომელიც პოლიტპატიმრების სასამართლო სხდომებზე ხდება, დაუმალოს საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ კი საერთაშორისო საზოგადოებას. საჯაროობა და საჯარო სხდომები სამართლიანი სასამართლოს აუცილებელი პირობაა, დღეს ჩვენ კი არ გვაქვს სამართლიანი სასამართლო,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ სასამართლო სხდომების საჯაროობასა და საზოგადოებას სამართლიანი სასამართლოთი ვერ უზრუნველყოფს.
„თვეების განმავლობაში ვხედავთ, რომ რეჟიმი და რეჟიმის სასამართლო ეუთო/ოდირს არ აძლევს შესაძლებლობას, რომ მისმა წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომების დაკვირვება და მონიტორინგი განახორციელოს. დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ 11 პოლიტპატიმრის სასამართლო სხდომაზე, მათმა ადვოკატებმა მოითხოვეს ეუთო/ოდირის წარმომადგენელთა დასწრება, ხოლო სასამართლო ამის საშუალება არ აძლევს.
ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ გადაწყვიტა დამალოს ის უსამართლობა, რომელიც პოლიტპატიმრების სასამართლო სხდომებზე ხდება, დაუმალოს საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ კი საერთაშორისო საზოგადოებას. ვხედავთ, რომ ჯერ ფოტო/ვიდეო გადაღება აკრძალეს, შემდეგ კი მოსამართლეები ემუქრებიან ადვოკატებს, ოჯახის წევრებსა და დამსწრე პირებს, რომ თუ სასამართლოს სხდომიდან ფოტო ან ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდება, სხდომას დახურავს. ეს კი ხაზგასმაა იმისა, თუ როგორ უნდა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს დამალოს ის უსამართლობა, რომელიც სასამართლოში ხდება. საჯაროობა და საჯარო სხდომები სამართლიანი სასამართლოს აუცილებელი პირობაა, დღეს ჩვენ კი არ გვაქვს სამართლიანი სასამართლო.
მოვუწოდებთ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას, რომ არამხოლოდ მონიტორინგის ნაწილში, არამედ მონიტორინგის აკრძალვისა და ხელის შეშლის ნაწილშიც ჰქონდეს რეაგირება. ვინაიდან დღეს ჩვენ დიქტატურულ რეჟიმში ვიმყოფებით, „ქართული ოცნება“ არ აძლევს საზოგადოებას სამართლიან სასამართლოს და ვერ უზრუნველყოფს სასამართლო სხდომების საჯაროობას, ხოლო პოლიტპატიმრებს გამოგონილი ბრალდებებით 4, 7 და 10 წელი ციხე ემუქრებათ“,- განაცხადა თენგო თევზაძემ.
ცნობისთვის, "სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" სამართლებრივი მრჩეველმა, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად ეუთო/ოდირის მზადყოფნისა, რომ პატიმრების სასამართლო პროცესების მონიტორინგი განახორციელოს, „ქართული ოცნება“ მათ ამის საშუალებას არ აძლევს.
„პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე ეუთო/ოდირი საქართველოში მოიწვია სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის დეკემბერში. ოდირის მეთოდოლოგიით, ის სასამართლომ უნდა დაუშვას პროცესებზე და მათი თანხმობა არის საჭირო. დეკემბრის შემდეგ ეს თანხმობა არ იქნა გაცემული. ოდირი მზადყოფნას გამოხატავს საჭირო თანხმობის შემდეგ განახორციელოს პოლიტიკური პატიმრების პროცესების მონიტორინგი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესების დახურვის შემდეგ. 2013 წელს, „ოცნებამ“ თვითონ მოიწვია ეუთო ოდირი პროცესების მონიტორინგისთვის და საინტერესოა, თუ მაშინ არ ჰქონდათ რამე დასამალი, დღეს რა აქვთ?“,- აცხადებს გიორგი ბურჯანაძე.
0
0