
მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, ჩემს საქმესთან დაკავშირებული "სასამართლოს" განაჩენის გამოცხადება, გადაიტანონ ჩემი ავადმყოფობის გამო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის თქმით, მისი სურვილია, პროცესს დაესწროს.
„მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, ჩემს საქმესთან დაკავშირებული "სასამართლოს" განაჩენის გამოცხადება, გადაიტანონ ჩემი ავადმყოფობის გამო, რასაც დაგიდასტურებენ ჩემი მკურნალი ექიმები. ვინაიდან მაქვს სურვილი ვესწრებოდე აღნიშნულ სხდომას“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.
10 მარტის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს.
როგორც მაშინდელმა სდსს-ის უფროსმა, თემურ ჯანაშიამ დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა, მის წინააღმდეგ 11 წლის განმავლობაში, პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება მიმდინარეობდა. მისი თქმით, ფინანსები, რომელსაც ბრალდების მხარე საბიუჯეტო სახსრებით ფლანგვად აფასებს, კონკრეტული მიზნობრიობით დაიხარჯა.
ასევე, მან საქმეში კიდევ ერთ დეტალზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მას თანამდებობაზე ყოფნის დროს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, რის შესახებაც მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აცნობა და ის დაეხმარა, ფინანსური სახსრების მოძიებაში. მისივე თქმით, ამ კონკრეტულ მონაკვეთთან დაკავშირებით ყველანაირი დამამტკიცებელი საბუთი აქვს და მიიჩნევს, რომ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის არანაირი საბაბი არ აქვს.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
0
0