
კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ საქართველოს პროკურატურას მიმართა და "7 ნოემბრის საქმეზე" , სადაც ბრალდებულის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ჩვენების მისაცემად გამოძახება მოითხოვა.
„20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს წინაშე მისცა ჩვენება, სადაც ბადრი პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა. ბადრი პატარკაციშვილი გარდაცვლილია და მას არ აქვს შესაძლებლობა, ამ ცილისწამებაზე პასუხი გასცეს, ამიტომ, ამას მე გავაკეთებ.
მივმართავ საქართველოს პროკურატურას და სასამართლოს კოლეგიას, რომელიც იძიებს ამ საქმეს, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციების ორგანიზატორები ვიყავით – მე, გიორგი ხაინდრავა, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი – ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი, დავით უსუფაშვილი – საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ზვიად ძიძიგური – პარლამენტის ყოფილი წევრი, თინათინ ხიდაშელი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გუბაზ სანიკიძე – კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია – იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან და დავით ბერძენიშვილები – „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები, ლევან გაჩეჩილაძე – პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი. შალვა ნათელაშვილი – „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი.
მოვითხოვ, ამ საქმეზე ჩვენების მისაცემად სასამართლოში გამომიძახონ. უნდა გაირკვეს, ვინ არის დამნაშავე 7 ნოემბრის საქმეში. ეს დანაშაული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით ჩაიდინეს მიხეილ სააკაშვილმა, ვანო მერაბიშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა, ზაზა გოგავამ, რომელმაც კანონის სრული დარღვევით სამხედრო ძალები გამოიყენა მშვიდობიანი აქციის მხეცურ დარბევაში.ასევე პროკურორის მოადგილე ნიკოლოზ გვარამია, რომელმაც სისხლის სამართლის საქმეები აღძრა გადატრიალების მუხლით და დაგვადანაშაულეს ჩვენ ყველა. განცხადებები მაშინ გააკეთეს მაშინდელმა პარლამენტის წევრმა, გივი თარგამაძემ, ასევე გიგა ბოკერიამ და დაგვადანაშაულეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე.
0
0