
გუშინ, ბევრი დაპირისპირებების მიუხედავად, შევთანხმდით არაღიარების კამპანიის აუცილებლობაზე და შინაარსზე. ეს განსაზღვრავს დღეს დღის წესრიგს, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პარტიებმა, სულ მცირე, უნდა დააფიქსირონ პოზიცია და დაიწყონ მუშაობა ხალხთან აქტიური კამპანიით.
„მოვეშვათ პარტიების თვლას და ისევ ჩვენი თავების დატოლებას ვინმესთან. ყველაზე მთავარი არის შემდეგი:
პროცენტულად და რაოდენობრივად პროდასავლური სუბიექტების სრული უმრავლესობა არ აღიარებს ყალბ არჩევნებს. გარდა იმისა, რომ არ აღიარებს, გუშინ, ბევრი დაპირისპირებების მიუხედავად, შევთანხმდით არაღიარების კამპანიის აუცილებლობაზე და შინაარსზე.
ეს განსაზღვრავს დღეს დღის წესრიგს.
საბოლოო ჯამში, ლეგიტიმაციას ქმნიან პარტიები და ხალხი. პარტიებმა, მინიმუმ, უნდა დააფიქსირონ პოზიცია (დავაფიქსირეთ) და დაიწყონ მუშაობა ხალხთან აქტიური კამპანიით (ამის შინაარსზე შევთანხმდით).
შედეგი – დიდი დარტყმა არალეგიტიმური სისტემისთვის, შესაძლოა, მომაკვდინებელი ან, შესაძლოა, დამასუსტებელი, მაგრამ დარტყმა.
დანარჩენი წვრილმანებია და პერსონალური ეგოები. მე პირადად ეგ არ მაინტერესებს, საქმიდან მაცდენს.
ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!“ – წერს ელენე ხოშტარია.
რვა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ უარს ამბობენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს.
0
0