30/04/2023
13:23
პოლიტიკა
„მოვდივარ, რათა დავიცვათ მშვიდობა მშვიდობიან ცხოვრებაში! მოვდივარ, რათა დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი თითქოსდა სუვერენულად აღიარებულ ქვეყანაში! მოვდივარ, რათა დავიცვათ ეროვნული თვითმყოფადობა თითქოსდა რეალურად თვითმყოფად გარემოში! მოვდივარ, რათა ათიათასობით ქართველთან ერთად მსოფლიოს ვუთხრათ: საქართველო ჩვენია და ამ საკუთრებას არაფრის ფასად დავთმობთ!,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, აქციაში მონაწილეობა საჭიროა ჩვენს ქვეყანაში დასადგურებული მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.
„სამშობლოს სიყვარულს არც მზე და არც წვიმა არ განსაზღვრავს. სამშობლო ერთია და თუკი გიყვარს, უნდა შეძლო მისი დაცვა არა მხოლოდ ომში, იარაღით ხელში, არამედ მშვიდობისთვის, მშვიდობიან ცხოვრებაშიც.
თქვენ წარმოიდგინეთ, მშვიდობიან გარემოში ბევრად უფრო რთულია სამშობლოს დაცვა, ვიდრე ომში. ბრძოლის ველზე პირდაპირ ხედავ მტერს და ესვრი. მშვიდობის დროს მტრის დანახვა გიჭირს, რადგან ხშირად, მეგობრად გევლინება ის, ვინც სინამდვილეში სულაც არ არის მეგობარი. პოლიტიკა რთული სფეროა და სანამ მის ლაბირინთებში კარგად გაერკვევი, შესაძლოა, ყველაზე ძვირფასი რამ დაკარგო - სამშობლო!
უსამშობლო ადამიანი უსულო და უსახლკარო კაცს ჰგავს, რომლის დროებითი საცხოვრისი მხოლოდ ცარიელი ადგილია. უსულოდ ცხოვრება უღმერთოდ ყოფაა, სადაც შესაძლოა ბევრი ახლობელი გყავდეს, მაგრამ მეგობარი - არც ერთი.
დღეს საქართველო კიდევ ერთხელ, და უკვე მერამდენედ, ბეწვის ხიდზე გადის. როგორ გაივლის ამ ძალზედ სახიფათო გზას, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული და არა ვინმე უცხოელზე, მტერსა თუ მოყვარეზე. ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გასაღები მხოლოდ ჩვენს ხელშია.
დღეს ქართული საზოგადოების აქცია რესპუბლიკის მოედანზე სწორედ იმის გამოხატულება იქნება, რომ საქართველოს გადარჩენის გასაღებს არ მივცემთ არც ერთ ქვეყანას. ეს ჩვენია და ჩვენვე უნდა ვმართოთ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ნდობის, პატივისცემისა და სუვერენიტეტის სრული აღიარებით.
სწორედ ამიტომ ვუერთდები ამ აქციას არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც რიგითი ქართველი და იმ საზოგადოების წევრი, ვისთვისაც სამშობლო მომავლის განვითარებასთან ერთად წარსულის შენარჩუნებაა. ვისთვისაც ღირებულებები ანაზღაურებით არ განისაზღვრება და ვისთვისაც მოქალაქეობა ორმხრივი ვალდებულებაა.
მოვდივარ, რათა დავიცვათ მშვიდობა მშვიდობიან ცხოვრებაში! მოვდივარ, რათა დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი თითქოსდა სუვერენულად აღიარებულ ქვეყანაში! მოვდივარ, რათა დავიცვათ ეროვნული თვითმყოფადობა თითქოსდა რეალურად თვითმყოფად გარემოში! მოვდივარ, რათა ათიათასობით ქართველთან ერთად მსოფლიოს ვუთხრათ: საქართველო ჩვენია და ამ საკუთრებას არაფრის ფასად დავთმობთ!,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
0
0