
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ სტრასბურგში გაგზავნილ საჩივართან დაკავშირებით "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა.
თუთბერიძის თქმით, სარჩელით დაცვის მხარე ითხოვს ღონისძიებებს, რათა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოუსწორებადი ზიანი არ მიადგეს.
როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, დაცვის მხარის მიზანია ევროსასამართლომ დაინახოს, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები პოლიტიკურად არის მოტივირებული.
"ეს არის საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის რამდენიმე მუხლით დაცული სიკეთეების შელახვის ფაქტის დადგენა და ღონისძიებების მიღება, რათა ჩვენ არ მივიღოთ გამოუსწორებადი და ძალიან სწრაფი შედეგი.
მოლოდინებთან დაკავშირებით საუბარი რთულია და ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება ალბათ არაეთიკურიც არის, თუმცა შემიძლია გითხრათ, დაცვის მხარეს რისი იმედი გვაქვს. ჩვენ გვაქვს იმის იმედი, რომ მოვახერხებთ ევროსასამართლოს დავანახოთ მდგომარეობა, რაც დღესდღეობით მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებითაა შექმნილი, ერთის მხრივ ის, რომ ის არის პოლიტიკური ტყვე და მეორეს მხრივ, მნიშვნელობა არ აქვს რა საფუძველზეა თავისუფლება აღკვეთილი პოლიტიკური თუ სხვა საფუძვლები, ფაქტია, რომ სახელმწიფო მას ნელ-ნელა კლავს და თუ ძალიან სწრაფად არ განხორციელდა რაიმე ტიპის ჩარევა, შესაძლებელია მივიღოთ შედეგი, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება ნებისმიერი სასამართლოს მიერ მსოფლიოში", - თქვა შოთა თუთბერიძემ.
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა. საჩივრის დეტალებთან და შინაარსთან დაკავშირებით, დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე, ოჯახი არ საუბრობს.
ევროსასამართლოში საჩივარი გუშინ გაიგზავნა და არსებული ინფორმაციით, სააკაშვილი ითხოვს მისი დარღვეული უფლებების აღდგენასა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, სასჯელის გადავადებას.
0
0