
L კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც აერთიანებს მოპედებს, მოტოციკლებს, ტრიციკლებსა და კვადროციკლებს, სავალდებულო ტექინსპექტირება მოუწევს.
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე გიორგი შიოლაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან” ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება, მისი ამოქმედება კი, საპროცედურო ვადებზეა დამოკიდებული.
უფრო კონკრეტულად, რომელი სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარებიან ტექინსპექტირებას, გიორგი შიოლაშვილი აღნიშნავს, რომ ტექნიკური შემოწმების ვალდებულება შეეხება 125 კუბურ სანტიმეტრზე მეტი კუბატურის სატრანსპორტო საშუალებებს, მათ შორის, ტრიციკლებსა და კვადროციკლებსაც.
„როგორც იცით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში უკვე შედგა შეხვედრა. როგორც გვითხრეს, წლის ბოლოს გეგმავენ ცვლილებების ინიცირებას, რომელიც შეეხება 125 კუბურ სანტიმეტრზე მეტი მოცულობის, L კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირების პროცესის დაწყებას. ევროპაში ეს უკვე ხორციელდება და სავალდებულოა 2024 წლიდან.
იმ ევრორეგულაციებით, რომელსაც ეფუძნება ჩვენთან ტექნიკური რეგლამენტები, ალბათ, საქართველოშიც შემოვა ამის ვალდებულება, რომ დაიწყოს L კატეგორიის ტრანსპორტის ინსპექტირება. როგორც უკვე აღვნიშნე, წლის ბოლოსთვის მოხდება ამის დაინიცირება და მეტი დეტალის შესახებ ჯერჯერობით, ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან ეს არის სამუშაო პროცესი და ალბათ, გარკვეული შეხვედრები კიდევ გაიმართება.
რაც შეეხება საფასურს, ამაზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს L კატეგორია ეხება როგორც ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებებს, ისე ტრიციკლებსა და კვადროციკლებს,” - ამბობს გიორგი შიოლაშვილი.
კითხვაზე, მოუწევს თუ არა ტექინსპექტირება იმ მოპედებს, რომლითაც კურიერების დიდი ნაწილი გადაადგილდება, გიორგი შიოლაშვილი ამბობს, რომ თუ 125 კუბურ სანტიმეტრზე მაღალი კუბატურა ექნება, კი.
„თუ 125 კუბურ სანტიმეტრზე დაბალი კუბატურა აქვს, მაშინ არ დაექვემდებარება სავალდებულო ინსპექტირებას. ამაზეა დამოკიდებული ყველაფერი. მთავარია, საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და შემდეგ როგორც კი ამოქმედდება, სექტორი მზად არის ამისთვის, ტექნიკური აღჭურვილობა კომპანიებს გააჩნია და შესაძლებელია ამ პროცესის უპრობლემოდ დაწყება და წარმართვა”, - ამბობს გიორგი შიოლაშვილი.
0
0
სატყეო გზების რეაბილიტაცია სოფელ კეხოვანში
01/08/2025