04/07/2023
12:06
მსოფლიო
ახალი მოსკოვის, მოსკოვსკაიასა და კალუგის რეგიონებს სამშაბათს დილით დრონები დაესხნენ თავს.
ამის შესახებ “ტასი” და “რია ნოვოსტი” საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით იუწყებიან.
წინასწარი მონაცემებით, სამი დრონი მოსკოვის მიმართულებით სხვადასხვა დროს მიემართებოდა. ორი მათგანი გაანადგურეს ახალ მოსკოვში და ვნუკოვოს აეროპორტთან ჩამოვარდა.
ვნუკოვო იტყობინება "ტექნიკური მიზეზების გამო თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე შეზღუდვების შესახებ". თვითმფრინავები, რომლებიც იქ მიფრინავდნენ, გადამისამართდნენ მოსკოვის სხვა აეროპორტებში. კერძოდ, საუბარია ფრენებზე შარმ ელ შეიხიდან, დუბაიდან, მახაჩკალიდან, ჩელიაბინსკიდან და ნოვოსიბირსკიდან. კიდევ ერთი რეისი, ანკარადან, ვნუკოვოს მახლობლად ერთ საათზე მეტხანს დაფრინავდა. მოსკოვის დროით დილის რვა საათზე, ვნუკოვოს აეროპორტის მიდამოებში ფრენებზე შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.
კიდევ ერთი დრონი, “რია ნოვოსტის” ცნობით, მოსკოვის მახლობლად კუბინკასთან ჩამოაგდეს. ის სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე დაეცა. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, ზიანი არ არის. სხვა დეტალები არ ვრცელდება.
ტელეგრამის არხები აქვეყნებენ ვიდეოებს, სადაც თვითმხილველები კვამლის ღრუბელს აჩვენებენ. ადგილობრივების თქმით, სულ მცირე ორი აფეთქება მოხდა რამდენიმე წამის სხვაობით და ამის მიზეზი შესაძლოა საჰაერო თავდაცვა იყოს.
ტელეგრამის არხი Shot იტყობინება, რომ მოსკოვის მახლობლად ჩამოგდებული ერთ-ერთი დრონი - ან მისი ფრაგმენტები - დაეცა სამეურნეო შენობას სოფელ კრივოშეინოში, რომელიც ასევე მდებარეობს ვნუკოვოს აეროპორტის მახლობლად; შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდეს კალუგას რეგიონში.
0
0