
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას აშშ-სგან „მტკიცე რეაგირება“ სურს, თუ ვლადიმერ პუტინი შეხვედრაზე არ დათანხმდება.
„თუ რუსები შეხვედრისთვის მზად არ არიან, ჩვენ აშშ-სგან დამატებით სანქციებისა და ტარიფების დაწესებას მოვითხოვთ, რადგან ისინი ნამდვილად იმოქმედებს. ვიმედოვნებთ, რომ აშშ ზომებს მიიღებს.
შვეიცარიაში ან ავსტრიაში შეხვედრის გამართვაზე თანახმა ვარ და თურქეთის მიმართაც არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს. მოსკოვში შეხვედრა გამორიცხულია. რაც შეეხება ბუდაპეშტს, ეს რთულია, რადგან ომში უკრაინის მხარდაჭერისთვის მთელი ევროპა გაერთიანდა, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ბუდაპეშტი ამ საკითხში არ ერევა. მე ვთხოვე პრეზიდენტ ტრამპს ისე იმოქმედოს, რომ ბუდაპეშტმა არ დაგვიბლოკოს გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. პრეზიდენტი ტრამპი დამპირდა, რომ მისი გუნდი ამაზე იმუშავებს.
ჩემი აზრით, რუსეთს კიდევ ოთხი წელი დასჭირდება დონბასის დანარჩენი ნაწილის დასაკავებლად, რომელიც ვლადიმერ პუტინმა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის სანაცვლოდ მოითხოვა. რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ უკვე დაიკავა რეგიონის მესამედი და ახლა 67-69%-ს აკონტროლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის ოთხი წლის განმავლობაში მათ მხოლოდ მესამედი დაიკავეს. მე ტრამპს ავუხსენი, რომ დონბასიდან გასვლა რუსებს ხარკოვისა და დნეპრისკენ გზას გაუხსნის.
თუ პუტინი აქ კონტროლს მოიპოვებს, ის გააგრძელებს წინსვლას, ნებისმიერი ხელმოწერილი შეთანხმების მიუხედავად. დამეთანხმა თუ არა პრეზიდენტი ტრამპი? მან ჩემი ნათქვამი გაიგო. ტრამპს ვუთხარი, რომ პუტინი მხოლოდ „ცარიელ“ დაპირებებს იძლევა. შესაძლოა, ის იმედოვნებს, რომ ომის დასრულებას თავიდან აიცილებს ისეთი პირობების დაწესებით, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია,“ - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
0
0