
მოსკოვის სასამართლომ კროკუს სითი ჰოლზე მოწყობილ თავდასხმასთან დაკავშირებით პატიმრობა კიდევ სამ პირს შეუფარდა.
სამი ახალი ფიგურანტი ისროილ, ამინჩონ და დილოვარ ისლომოვები არიან. დილოვარი და ამინჩონი ძმები არიან, ისროილი კი მათი მამაა. სამივე მათგანს რუსეთის მოქალაქეობა გააჩნია.
23 წლის დილოვარ ისმაილოვი იმ რენოს მარკის ავტომობილის ყოფილი მფლობელია, რომლის მეშვეობითაც ტერორისტებმა კროკუს სითი ჰოლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. ტერაქტიდან რამდენიმე საათში მან Новая газета Европа-სთან საუბარში თქვა, რომ დაახლოებით ერთი კვირით ადრე ავტომობილი საკუთარი ცოლის ძმას მიჰყიდა. სამთავრობო მედია РИА Новости წყაროზე დაყრდნობით ირწმუნებოდა, რომ ისმოლოვმა მანქანა თებერვალში გაყიდა, თუმცა საავტომობილო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა მის სახელზე რჩებოდა.
"ეს ჩემი მანქანა იყო. როდესაც თავად ვნახე ეს ფოტოები, შოკში ვიყავი. არ ვიცი რა გავაკეთო. ვცდილობდი დამერეკა ცოლის ძმისთვის, ახლა ის ზარს აღარ პასუხობს. მითხრა, ეს მანქანა ჩემს მეგობარს სჭირდებაო." – ამბობდა დილოვარი Новая газета Европа-სთან.
რაც შეეხება 33 წლის ამინჩონს, როგორც Медиазона წერს, ის სამი ფიგურანტიდან ერთადერთია, რომელიც ამბობს, რომ უდანაშაულოა. ამავე ცნობით, ამინჩონმა თქვა, რომ ძმასთან, დილოვართან ერთად პოლიციაში თავისი ფეხით მივიდნენ მას შემდეგ, რაც კროკუს სითი ჰოლზე თავდასხმის შესახებ შეიტყვეს. ამინჩონს ჰყავს ცოლი და 8 შვილი. მისი პროცესის დროს, როცა მოსამართლემ მოითხოვა, მედიის წარმომადგენლებს დარბაზი დაეტოვებინათ, ამინჩონ ისმაილოვი ამის წინააღმდეგი იყო და სურდა, რომ პრესა განხილვის დროს დარჩენილიყო.
საგამოძიებო კომიტეტს მიაჩნია, რომ დილოვარი და ამინჩონი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ. მათი მტკიცებით, კროკუს სითი ჰოლზე ერთ-ერთმა თავდამხსმელმა, შამსადდინ ფარიდუნიმ ამინჩონი დაჯგუფებაში 2024 წლის იანვარში, დილოვარი კი 2024 წლის მარტში გადმოიბირა.
64 წლის ისროილ ისლომოვს, ამინჩონისა და დილოვარის მამას, ასევე ბრალად ედება ტერაქტის მოწყობის მუხლის დარღვევა. ისროილს ჰყავს ცოლი და ხუთი შვილი.
წინა 4 ფიგურანტის მსგავსად, 3 ახალ ფიგურანტსაც სასამართლომ პატიმრობა, ჯერჯერობით, 22 მაისამდე შეუფარდა. ტერორიზმის მუხლი სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
0
0