
Red Wings Airlines 3 ნოემბრიდან მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა. მისი თქმით, რეისები დომოდედოვოს აეროპორტიდან კვირაში სამჯერ შესრულდება.
ცნობილია, რომ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით რეისებს უკვე ახორციელებს Azimut Airlines - ორშაბათს და ხუთშაბათს.
ამრიგად, ნოემბრიდან მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მარშრუტზე რეისების რაოდენობა კვირაში ხუთს მიაღწევს.
Red Wings ასევე იტყობინება, რომ მოსკოვი-ქუთაისის მარშრუტზე ფრენების სიხშირე გაიზრდება - კვირაში სამიდან ხუთ რეისამდე.
Red Wings საქართველოს მიმართულებით ფრენებს რუსული Sukhoi Superjet 100 თვითმფრინავით ახორციელებს 100 ადგილიანი ტევადობით.
რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების რაოდენობა ნოემბერში კვირაში 45-ს მიაღწევს. მათ შორის არის ყოველკვირეული 28 რეისი მოსკოვსა და თბილისს შორის.
გარდა ამისა, დაგეგმილია ჟუკოვსკიდან თბილისის მიმართულებით ფრენის დაწყება, ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე დაყრდნობით მანამდე წერდა.
გასულ კვირას, რუსული მედიის ცნობით, საქართველოში მიმავალი რუსი ტურისტები თვითმფრინავში რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ ჩარჩენილები, Sukhoi Superjet 100 თვითმფრინავის ავარიის გამო. საგანგებო ვითარება შეიქმნა Azimut Airlines-ის თვითმფრინავთან დაკავშირებითაც, რომელიც სოჭიდან თბილისის მიმართულებით მიფრინავდა.
0
0