06/02/2025
17:48
კონფლიქტები
![main-img](https://spnews.io/storage/files/soxumi.png)
რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის გახსნა მოსალოდნელია ზაფხულის სეზონის დასაწყისისთვის. ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა რომან სტაროვოიტმა აფხაზ ე.წ. პოლიტიკურ მოღვაწე ბადრა გუნბასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, საცდელი ფრენა სოხუმის აღდგენილ აეროპორტში 7 თებერვალს შესრულდება.
"მოველით, რომ 2025 წლის ტურისტული სეზონის წინა დღეს გავხსნით რეგულარულ ავიახაზებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სატრანსპორტო კავშირი გვქონდეს მეზობელ აფხაზეთის რესპუბლიკასთან", - განაცხადა სტაროვოიტმა და ასევე აღნიშნა, რომ სტუმართმოყვარე აფხაზეთი იზიდავს რუს ტურისტებს.
ფრენებს ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქში რუსული ავიაკომპანია UVT Aero განახორციელებს. გარდა ამისა, სტაროვოიტის ცნობით, ამ მარშრუტით, სულ მცირე, კიდევ ორი ავიაკომპანია დაინტერესდა.
გუნბამ, თავის მხრივ, აღნიშნა ამ პროექტის მნიშვნელობაზე ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის.
"დღეს ჩვენ გვაქვს ერთი საგუშაგო მდინარე ფსოუზე, რომელიც გადაადგილების საშუალებას აძლევს რუსეთის მოქალაქეებს და აფხაზეთის მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობების განვითარებას განსაკუთრებულ ბიძგს მისცემს ქალაქ სოხუმში საერთაშორისო აეროპორტის გახსნა. ეს არის რესპუბლიკის ეკონომიკური პოტენციალისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება. ამ საკითხის გადაწყვეტას დიდი ხანია ველოდებით", - დასძინა მან.
0
0