06/02/2025
21:06
პოლიტიკა
სენატის რესპუბლიკელები USAID-ის მიერ დაფინანსებული რამდენიმე პროექტის ჩამონათვალს აქვეყნებენ. სია სოციალურ ქსელში სენატის რესპუბლიკელების გვერდზე გამოქვეყნდა.
ჩამონათვალში ნახსენებია, რომ საქართველოში მწვანე ტრანსპორტის განვითარებისთვის კომპანია Deloitte-ს გამოეყო დაახლოებით 25 მილიონი დოლარი.
ასევე, 4,5 მილიონი დოლარი გამოიყო ყაზახეთში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, 20 მილიონი დოლარი კი – ერაყში საბავშვო ტელეგადაცემისთვის.
სენატში რესპუბლიკელების ცნობით, სხვა პროექტების დაფინანსებასთან ერთად, USAID-მა 20 მილიონი დოლარი გამოყო საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდამჭერი პროგრამისთვის, რომლის პარნტიორი იყო „ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი“ (OCCRP); 1,1 მილიონ დოლარი – სომხეთში ლგბტ ჯგუფისთვის; 1,5 მილიონი დოლარი კუბის მედიაგარემოს აღსადგენად; 2,1 მილიონი დოლარი, რათა „ბიბისიმ“ გააძლიეროს ლიბიაში მედიაგარემო; 3,9 მილიონი დოლარი – დასავლეთ ბალკანეთში ლგბტ საკითხებისთვის.
ამასთან, USAID-ის მიერ სახსრების ფლანგვისა და ბოროტად გამოყენების რამდენიმე მაგალითი გამოაქვეყნა თეთრმა სახლმა. თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ სია გრძელია და მსგავსი პროექტების დაფინანსება ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა. აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ფლანგვა, თაღლითობა და სახსრების ბოროტად გამოყენება შეწყდება.
0
0