06/02/2025
20:33
მსოფლიო
![main-img](https://spnews.io/storage/files/tetri%20saxli.jpeg)
თეთრი სახლი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სახსრების ფლანგვისა და ბოროტად გამოყენების რამდენიმე მაგალითს აქვეყნებს.
როგორც თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ათწლეულების განმავლობაში სააგენტო არ იყო ანგარიშვალდებული გადასახადების გადამხდელების წინაშე, რადგან ის დიდ თანხებს მიმართავდა „ფესვგადგმული ბიუროკრატების საყვარელ სასაცილო, ხშირ შემთხვევაში კი, მავნებლური პროექტებისთვის“, პრაქტიკულად ზედამხედველობის გარეშე.
თეთრი სახლის ჩამონათვალში შემდეგი მაგალითებია მოყვანილი:
❗1,5 მილიონი დოლარი „სერბეთის სამუშაო ადგილებსა და ბიზნესსაზოგადოებებში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის განვითარებისთვის“;
❗70 ათასი დოლარი ირლანდიაში მრავალფეროვნების, თანასწრობისა და ინკლუზიურობის (DEI) მიუზიკლის შექმნისთვის;
❗2,5 მილიონი დოლარი ვიეტნამისთვის ელექტრომანქანებისთვის;
❗47 ათასი დოლარი კოლუმბიაში „ტრანსგენდერული ოპერისთვის“;
❗32 ათასი დოლარი პერუში „ტრანსგენდერული კომიქსისთვის“;
❗2 მილიონი დოლარი გვატემალაში სქესის შეცვლისა და „ლგბტ აქტივიზმისთვის“;
❗ექვსი მილიონი დოლარი ეგვიპტეში ტურიზმისთვის;
❗ასობით ათასი დოლარი ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, მას შემდეგაც კი, რაც გენერალურმა ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო;
❗მილიონობით დოლარი EcoHealth Alliance-სთვის, რომელიც ჩართული იყო უხანის ლაბორატორიაში კვლევებში;
❗კვების ასობით ათასი ულუფა, რომელიც მიიღეს „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებულმა მებრძოლებმა სირიაში;
❗განვითარებად ქვეყნებში „პერსონალიზებული“ კონტრაცეპტივების ბეჭდვის დაფინანსება;
❗ასობით მილიონი დოლარი „საირიგაციო არხების, სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობისა და სასუქის დასაფინანსებლად, ავღანეთში ყაყაჩოს უპრეცედენტო კულტივაციისა და ჰეროინის წარმოების მხარდასაჭერად“, რაც თალიბებისთვის სარგებლის მომტანია.
თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ სია გრძელია და მსგავსი პროექტების დაფინანსება ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა. აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, ფლანგვა, თაღლითობა და სახსრების ბოროტად გამოყენება შეწყდება.
0
0