07/02/2025
00:30
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ Euronews-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრიუსელი უფრო მოქნილი უნდა იყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში.
მისი თქმით, ბურთი ბრიუსელის მოედანზეა.
კობახიძის განცხადებით, საქართველო ევროპულ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის კვლავ „ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი“, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას 2030 წლისთვის შეძლებს.
„ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრულნი ამ მიზნის მიღწევაში და შემდეგ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსადმი მიდგომა უფრო სამართლიანი იქნება მომდევნო წლებში“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ოფიციალური თბილისის პოლიტიკა არ არის იმის მიზეზი, რომ ამჟამად საქართველოსა და ევროკავშირს შორის არ არის „ჯანსაღი ურთიერთობები“.
„ეს არის ევროპული ბიუროკრატიის მიერ საქართველოს მიმართ პოლიტიკის შედეგი. ასე რომ, თუ ეს პოლიტიკა შეიცვლება, ყველაფერი უკეთეს ფორმაში იქნება“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს არ აქვს სივრცე [რუსეთთან] დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად ქვეყნის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციის გამო“.
„ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები ამ კუთხით, მაგრამ ჩვენი ხედვა მშვიდობიანია“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „არასამშვიდობო გადაწყვეტა აბსოლუტურად შეუძლებელია“.
„ჩვენ გვსურს აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა - ამის ალტერნატივა არ არსებობს - და ვიმედოვნებთ, რომ რაღაც მომენტში ეს იქნება რეალისტური. ვნახოთ. მაგრამ ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას და ეს არის ჩვენი პოლიტიკის მთავარი შინაარსი რუსეთის მიმართ. ჩვენ ვაგრძელებთ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან“, - აღნიშნა მან.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის და სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივის შესახებ კითხვაზე კობახიძემ უპასუხა, რომ ცეცხლის შეწყვეტას „ალტერნატივა“ არ აქვს.
„უკრაინა ძალიან იტანჯება. საერთაშორისო თანამეგობრობა სრულად უნდა იყოს კონცენტრირებული ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის ხელშეწყობაზე. ეს არის გასაღები რეგიონსა და მსოფლიოში საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“, - დასძინა მან.
ინტერვიუს სრული ვერსია Euronews-ზე მიმდინარე კვირაში გამოვა.
0
0