06/02/2025
20:26
პოლიტიკა
![main-img](https://spnews.io/storage/files/dimitri%20xundaze.jpg)
USAID-თან დაკავშირებით რაც დღეს ხდება, ამაზე „ხალხის ძალა“ ბევრად ადრე ვსაუბრობდით, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
აღნიშნულით ხუნდაძე USAID-ის მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებს გამოეხმაურა.
„ის, რაც დღეს ხდება, „ხალხის ძალა“ ამაზე უფრო ადრე ვსაუბრობდით. ვამბობდით, რომ საქართველოს ომში ითრევდნენ, რაც თავიდან კრიტიკის საგანი გახდა, მაგრამ ცოტა ხანში თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც იმავეს ჩიოდა, რომ თურქეთს უკრაინის ომში ითრევდნენ. ასევე ვსაუბრობდით იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი შანტაჟად იყო გამოყენებული და გარე დაფინანსებით ცდილობდნენ შიდა პოლიტიკის მართვას. გახსოვთ, როცა არასამთავრობო სექტორს დროზე ადრე წაუცდა ხელი და საკუთარი ლუსტრაცია მოახდინა, როცა ტექნიკური მთავრობით ხელისუფლების ჩანაცვლება განიზრახეს? ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ ეს იყო არასამთავრობო სექტორის ის ნაწილი, რომელიც ძალიან მსხვილ გარე დაფინანსებას იღებდა და მათი მიზანი ქვეყანაში დესტრუქციისა და აურზაურის გამოწვევა იყო, რათა ხელისუფლება შეეცვალათ. ხელისუფლება, რომელიც არ ემორჩილებოდა გარე დაკვეთებს. ამ ყველაფრის ლუსტრაცია კიდევ უფრო აშკარა გახდა და უფრო მაღალი ფასი შეიძინა მაშინ, როცა იგი სწორედ იქიდან მოხდა, საიდანაც იმ დროს ამ საფრთხეებს ვააშკარავებდით. ჩვენ აშშ-ის მაშინდელ ელჩს პირდაპირ მივწერეთ, რა იყო მათი სტრატეგიული მიზანი და რაში იხარჯებოდა საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსები. ფიცოც იმავეს ჩიოდა და სწორედ მაშინ ესროლეს, როცა სულ რამდენიმე კვირით ადრე მან გარე დაფინანსებების გამოძიება და გაშუქება აქტიურად დაიწყო. ტრამპმა USAID და NED კრიმინალურ დაჯგუფებად აღიარა და თქვა, რომ სწორედ ამ ორგანიზაციებიდან სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ხდებოდა ჩარევა და ფინანსდებოდა რევოლუციები. ჩვენ ვამბობდით, რომ არასამთავრობო სექტორი არ ემსახურებოდა ქართულ პოლიტიკას და ამისათვის აუცილებელი იყო მეტი გამჭვირვალობა, რომ საზოგადოებას სცოდნოდა, რაში იხარჯებოდა ათეულობით მილიონი, რისი ძირითადი გამტარი არასამთავრობო სექტორი იყო. ისინი კი ხშირად ჩნდებოდნენ პოლიტიკურ სცენებზე, იწვევდნენ რყევებს, აწყობდნენ აქციებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
0
0