ოკუპირებულ ცხინვალში „რუსეთ-სამხრეთ ოსეთის დემარკაციის“ გაერთიანებული კომისიის მეათე შეხვედრა გაიმართა, იუწყება ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
„24-26 სექტემბერს შერეულმა კომისიამ გააგრძელა მუშაობა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის საერთაშორისო სამართლებრივი ფორმალიზაციის შესახებ“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
მათ აღნიშნეს, რომ შეხვედრა გაიმართა „კეთილმეზობლობისა და ურთიერთგაგების სულისკვეთებით“.
„გაერთიანებული კომისიის მორიგი შეხვედრის თარიღები და ადგილი დიპლომატიური არხებით იქნება შეთანხმებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ 2008 წელს აღიარა. რუსეთის ხელისუფლება ასევე მოუწოდებს თბილისს, დაიწყოს მუშაობა სოხუმთან და ცხინვალთან დე ფაქტო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ.
0
0