
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
სხდომათა დარბაზში მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.
პროკურორებს მიაჩნიათ, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან კვლავ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ამიტომ, პროკურორის თორნიკე გოგეშვილის თქმით, მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს.
თავის მხრივ მზია ამაღლობელის ადვოკატები განმარტავენ, რომ „ეს არის მახინჯი პრაქტიკა და არანაირი ახალი დანაშაულის საფრთხე არ არსებობს“. ამასთან, მზია ამაღლობელის ადვოკატის მაია მწარიაშვილის განცხადებით, დაკავებამდე მზია ამაღლობელს მხედველობის პრობლემა ჰქონდა, თუმცა პატიმრობაში ყოფნისას მხედველობა კრიტიკულად გაუარესდა.
დღევანდელ პროცესზე მზია ამაღლობელის საქმეზე მოწმედ ბათუმის საკრებულოში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი აკაკი გვიანიძე დაიკითხა. მან აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს გამართული საპროტესტო აქციის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, მზია ამაღლობელთან ერთად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სხვა პირებიც დააკავეს.
აკაკი გვიანიძეს მიაჩნია, რომ აქციის მონაწილეების დაკავება უკანონოდ მოხდა.
აკაკი გვიანიძის თქმით, პოლიციის სამმართველოს შენობასთან მშვიდობიანი აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ, რომლებსაც უკანონობა არ ჩაუდენიათ.
„მზია ამაღლობელმა სტიკერი მიაკრა, მივიდნენ და დაიჭირეს“, - აღნიშნა მან.
სასამართლო სხდომაზე პერიოდულად ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მომდევნო პროცესი 4 ივლისს, 13:00 საათზე გაიმართება.
0
0