
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმის პროკურორების - ვაჟა თოდუასა და ვახტანგ ცალუღელაშვილის აცილების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა დააყენა. მან ერთ-ერთი პროკურორის, ვაჟა თოდუას აცილება მოითხოვა.
როგორც მიგინეიშვილმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მოსამართლეები, პროკურორები და სამართალდამცავები დაასანქცირეს, მათ შორის პროკურორი ვაჟა თოდუა.
როგორც მიგინეიშვილმა აღნიშნა, პროკურორების მიმართ სანქციები გამოწვეულია პატიმრების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევით წარმოების გამო, რის გამოც, ის უნდა აცილებულიყო.
ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა საქმის მეორე პროკურორის, ვახტანგ ცალუღელაშვილის აცილების შუამდგომლობაც დააყენა. ის დასანქცირებული არ არის, თუმცა, ადვოკატის თქმით, ის „კანდიდატია“.
აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.
როგორც ვაჟა თოდუამ აღნიშნა, სანქცირება მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან და აცილებასთან კავშირში არაა.
პროკურორის თქმით, მისი დასანქცირების შესახებ ინფორმაცია მისთვის მხოლოდ მასმედიის მეშვეობით გახდა, რაც მისივე თქმით, ეს მის პროფესიულ საქმიანობას ხელს ვერ შეუშლის.
თოდუას განმარტებით, ეს სანქციები სავარაუდოდ, ამ სისხლის სამართლის საქმის გამოა მიღებული, სადაც პროკურატურას დაკავებულების წინააღმდეგ მტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი, მათ შორის, საქმეში არსებობს დამადასტურებელი კადრები, თუ როგორ დააზიანეს ბრალდებულებმა სხვისი ქონება და როგორ მიაყენეს პოლიციელებს ჯანმრთელობის დაზიანება.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, უცხო სახელმწიფოს მიერ, მოქმედი საჯარო მოსამსახურეების სანქცირებულთა სიაში შეყვანა პროკურორების აცილების საფუძველი ვერ გახდება.
ამასთან, მოსამართლის თქმით, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოხდა პროკურორების სანქცირება, არც ესაა ცნობილი და ბუნდოვანია.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0
სენატორი ჯინ შაჰინი პოლიტიკიდან მიდის
13/03/2025