
ვინ გასცემდა ბრძანებებს და როგორ მუშაობდა სისტემა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში? პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშობას ხვალიდან გაახლებს. არსებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში მიწვეული არიან ნიკა გვარამია და ნიკა მელია.
კომისიის წევრები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დანაშაულებრივ ქმედებებს უკვე ორი კვირაა სწავლობენ. ამ პერიოდის განმავლობაში, გამოიკითხა არაერთი პირი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აუცილებელია, 2003-2012 წლების დანაშაულებს სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მიეცეს. შურისძიებაზე საუბრობს ოპოზიცია.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მოსამართლეები, რომლებიც, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ, დღეს "ქართული ოცნების" სამსახურში არიან.
"მთელი ეს ისტორიები, რომელიც ძალიან მძიმეა, იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების დრო უამრავი დანაშაული იყო, არის, კიდევ ერთხელ, ნაცრის შეყრაა ხალხისთვის იმიტომ, რომ მოსამართლეები, რომლებმაც მიიღეს უსამართლო გადაწყვეტილებები, დღეს "ქართული ოცნების" სამსახურში არიან", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
0
0