
კანადის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ და ამერიკელმა მომღერალმა კეტი პერიმ მონრეალში ერთად ივახშმეს. რესტორან Le Violon-ის კომუნიკაციების კონსულტანტმა სამანტა ჯინმა დაადასტურა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მომღერალმა, 28 ივლისის საღამოს, რესტორანში დაახლოებით ორი საათი გაატარეს. პოპულარული ამერიკული გასართობი საინფორმაციო ვებსაიტის TMZ-ის მიერ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა მათ შორის რომანის შესახებ სპეკულაციები გამოიწვია.
„ისინი მარტო დარჩნენ და მათთან ფოტოს გადასაღებად არც პერსონალი და არც სხვა კლიენტები არ მისულან. ვიგრძენით, რომ ისინი უფრო თავშეკავებულები იყვნენ. წყვილს შორის რომანტიკის ან სიყვარულის საჯაროდ გამოხატვის არანაირი ნიშანი არ ჩანდა,“ - თქვა სამანტა ჯინმა.
ვახშმის შესახებ რეპორტაჟი პირველად TMZ-ზე გამოჩნდა, რომელმაც ტრუდოსა და პერის საუბრის ანიმაციური ვიდეო გამოაქვეყნა.
ჯასტინ ტრუდოსა და კეტი პერის პრესმდივნებმა აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
როგორც ცნობილია, მცირე ხნის წინ, კეტი პერი პარტნიორ ორლანდო ბლუმს დაშორდა და ამჟამად მომღერალი ტურნეში იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ის მონრეალში, კვებეკში და მომავალ კვირას ტორონტოში ორ კონცერტს გამართავს. ჯასტინ ტრუდო და მისი ყოფილი მეუღლე სოფი გრეგუარი კი ერთმანეთს 2023 წელს დაშორდნენ.
0
0