წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებით, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მონღოლეთი ყველაზე მკაცრი ექსტრემალური პირობების წინაშეა, რის შედეგადაც 4,7 მილიონზე მეტი ცხოველი დაიღუპა და საფრთხე ექმნება ათასობით ადამიანისთვის საარსებო წყაროთი და საკვებით უზრუნველყოფას. მძიმე პირობები ხასიათდება ყინვით და თოვლით, რომელიც ფარავს საძოვრებს და აფერხებს პირუტყვის საკვებზე წვდომას. მონღოლეთში 300 000-მდე ადამიანი ტრადიციული მომთაბარე მესაქონლეა და დამოკიდებულია პირუტყვის, თხებისა და ცხენების ბაზარზე გაყიდვაზე.
წითელი ჯვრის მონაცემებით, ნოემბრიდან, სულ მცირე 2250 მესაქონლე ოჯახმა პირუტყვის 70%-ზე მეტი დაკარგა. 7000-ზე მეტ ოჯახს საკმარისი საკვები არ აქვს.
მძიმე კლიმატურმა პირობებმა ქვეყნის სამი მეოთხედი დააზარალა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ზამთრის მკაცრი პირობები გაუარესდება. ტემპერატურა შესაძლოა -30 გრადუს ცელსიუსამდე ან უფრო მეტად დაეცეს.
გასულ თვეში, მონღოლეთის მთავრობამ მკაცრი ზამთრისთვის გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმი გამოაცხადა, რომელიც 15 მაისამდე გაგრძელდება.
„მაღალი დონის მზადყოფნის პირობებშიც კი, წინა წლების მსგავსად, მონღოლეთი ვერც ამ წელს შეძლებს ექსტრემალურ პირობებთან გამკლავებას,“ - განუცხადა CNN-ს წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონალურმა დირექტორმა ალექსანდრე მათეუმ.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიხედვით, მონღოლეთი კლიმატის კრიზისით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა, სადაც, ბოლო 70 წლის განმავლობაში, ჰაერის საშუალო ტემპერატურა 2,1 გრადუსით გაიზარდა.
გაეროს სააგენტოების ცნობით, ადამიანის მიერ გამოწვეულმა კლიმატის ცვლილებამ ქვეყანაში ზაფხულის გვალვების განმეორებითი ზრდა და შემდგომ მკაცრი ზამთარი განაპირობა.
0
0