"სარწმუნოება, ეს არის მარილი. როგორც მარილი ინახავს პროდუქტს გაფუჭებისგან, ისე, სარწმუნოება ერს ინახავს გახრწნისაგან, ღირებულებების ცვლილებებისგან". - ამბობს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი „კვირის მოამბის“ რეპორტაჟში, რომელიც სამონასტრო ცხოვრებას და საგამომცემლო საქმიანობას ეხება.
„სარწმუნოება, ეს არის მარილი. როგორც მარილი ინახავს პროდუქტს გაფუჭებისგან, ისე, სარწმუნოება ერს ინახავს გახრწნისაგან, ღირებულებების ცვლილებებისგან. ამის ბევრი მაგალითია: მაგალითად, ფერეიდანში გადასახლებული ქართველები დიდი დროის მანძილზე ინახავდნენ თავის სარწმუნოებას და ღირებულებებს. დღესაც ცხადად იციან, საიდან მოდიან და სად არის მათი ძირი. სოფლებსაც კი, ის სახელი დაარქვეს, სადაც საქართველოში ცხოვრობდნენ. ადგილობრივმა ირანელებმა რომ იკითხეს, რა არის ის ძალა, რომლითაც მტკიცედ დგანან და არ გვნებდებიანო- უპასუხეს - მაგათ ჰყავთ მღვდლები და ასწავლიან სარწმუნოების საქმეს. ამიტომაც, არ უღალატებენ რწმენას და ქრისტეს. მეორე დღეს, გადასახლებულთაგან ყველა სასულიერო პირი გამოიყვანეს და თავები დააჭრეს. დღევანდელობაში არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოებს და ადამიანებს, სხვადასხვა ჯგუფებს, ისევ ის სურვილი აქვთ- დაიპყრონ და დაიმონონ. ნებისმიერ ხერხს ხმარობენ ამისთვის. მაგრამ, ჩვენი დაცვის იარაღიც და მექანიზმიც სარწმუნოებაა. რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ რა რის ჩვენი ღირებულებები, რას არ ეღალატება და რამ უნდა დაგვიცვას. დღეს, როდესაც ადამიანები, ჯგუფები, სამი დიდი ღირებულებიდან ამოაგდებენ ყველაზე მნიშვნელოვანს, გამოდის, რომ ჩვენ, თვალთმაქცობით ვაღიარებთ რაღაცას, ოღონდ, ჩვენი აღიარება სრული არ არის. სისრულეს მხოლოდ და მხოლოდ რწმენასთან წილნაყარი ფიქრი, აზრი, მოქმედება ქმნის. სრულფასოვანია, თუკი ღვთითაა ეს ყველაფერი ნაკურთხი.“ - ამბობს მეუფე.
„მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ ეს ქვეყანა არა მხოლოდ, შრომითა და ხმლით შევინარჩუნეთ. ეს ქვეყანა შევინარჩუნეთ რწმენით. რადგან, როგორც ნაყოფიერი წვიმა, გვალვისგან გამომშრალ მიწას ააღორძინებს და ააყვავებს, ისეა რწმენაც, რომელმაც ისევ მოგვაბრუნა და შეგვანარჩუნებინა ეს ქვეყანა. ქართული ენა ვარსკვლავიერი ცაა, რომელსაც მიწიდან სპეციალური ხელსაწყოების გარეშე ვერავინ დაინახავს რა სიღრმეები აქვს. მაგრამ ხედავს მხოლოდ იმ მანათობელ ვარსკვლავებს, რომლებიც ძალიან ლამაზია. ისეა ქართული ენა. ღვთით მოგვეცა, რომ ამ ქვეყნის სიყვარულით ზეციური სამშობლოს სიყვარულიც ვისწავლოთ. რწმენა არის ის ძალა, შემკვრელი, რომელიც ამ ორივეს მსახურებისთვისაა. უკანასკნელი ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რათა ღვთისგან მივიღოთ მადლი და კურთხევა, რომ და კვლავაც, ქვეყნის აღსასრულამდე, ენით, რომლითაც დღეს ვლაპარაკობთ, ქვეყნით, რომლითაც დღეს ვამაყობთ და რწმენით, რომელიც ჩვენი წინაპრებისგან მოგვეცა, კვლავ ღვთის სამსახურში და ჩვენი ერის, მოყვასის სამსახურში ვიყოთ.“- ამბობს მეუფე.
მეუფე აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, საუბრობს თანამედროვე მამების თარგმანების აუცილებლობაზე, რაც მისი თქმით, დიდი დახმარებაა მომავალი თაობისთვის.
„თანამედროვე მამების ნაშრომების და დარიგების თარგმნა ძალიან სჭირდება დღევანდელ და მომავალ თაობას, რადგან მათთვის იმ ძველი კრებულების და ხელნაწერების ენა, ცოტა რთულია გასაგებად. თანამედროვე მამების თარგმანები არის დიდი დახმარება მომავალი თაობისთვის, რომელთაც სწორი სვლაგეზი და მინიშნება სჭირდებათ, რომ ამ წუთისოფელში ფსევდოკულტურად შემოთავაზებული მრავალი ლაბირინთის ხლართებში არ დაიკარგონ და არ მოსცილდნენ ყველაზე მნიშვნელოვანს და მთავარს- რომელსაც ჩვენი დიდი წმინდანი ილია მართალი გვეუბნება: ენა, რომელითაც ჩვენი წინაპარი და დღევანდელები ვესაუბრებით ღმერთსა და ვადიდებთ; მამულს, სამშობლოს ხილულს, რომლის სიყვარულითაც უნდა ვისწავლოთ ზეციური სამშობლოს სიყვარული და რწმენას, რომელიც კრავს ამ ორ მნიშვნელოვან განძს. საღვრთოთ გამზადებულს- ჩვენს სულს ამზადებს. რწმენით ამ ორივე საქმეში, ღვთის დიდებასა და მოყვასის სიყვარულსა და მსახურებაში, განვლიოთ ის ღვთით მოცემული ხილული ცხოვრება, რომლითაც ამ ხილულ სამყაროში უნდა მოვიპოვოთ, ღვთის მადლით და კურთხევით, მომავალი დაუსრულებელი სასუფეველი უფალთან ახლოს განცდილი ყოფნით სიხარულისა.“- ამბობს მეუფე აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ სიუჟეტში.
0
0