
“მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისეთი დიამეტრულად განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება ხოლმე, რომ ადამიანები დაბნეულებიც კი არიან და სანდოობის ხარისხი დაბალია და სულ არ მიკვირს, ვიღაცას სჯერა მისი ცუდად ყოფნა, ვიღაცას არ სჯერა”, - ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხს.
მისი თქმით, ის მომავალ კვირაში გეგმავს მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებას.
,,მე არცერთ პატიმარს არ ვურჩევ ციხეში სიკვდილს და საერთოდ სიკვდილი ამ წუთისოფელში ერთგვარი ბუნებრივი მოვლენაც არის, ყველანი წავალთ, მაგრამ არავის ვურჩევდი, რა თქმა უნდა, რომ ეს მოხდეს იმაზე ადრე, ვიდრე ღმერთი განაგებს და ნუ ჩაერევით ღვთის განგებულებაში.
მე ექსპერტი არ ვარ, მაგრამ მომავალ კვირაში ვგეგმავ, პატიმრების მონახულებას, მათ შორის ბატონი მიხეილს სააკაშვილისა და ალბათ, რეალურად, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე ვნახავ ამ პიროვნებას და უფრო რეალური სურათი შეიქმნება ჩემთვის მისი მდგომარეობის შესახებ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მეუფე ექსპრეზიდენტის შესაძლო მოწამვლის საკითხსაც გამოეხმაურა. მას ნაკლებად სჯერა ხელისუფლების აღნიშნულ საქმეში მონაწილეობის.
,,იმ შემთხვევაში, თუ ის მოწამლული იქნებოდა, რაც მე არ ვიცი ზუსტად, მაშინ ასეთ ვითარებაში ძნელი არ იქნება იმის ვარაუდი, საიდან შეიძლება მოდიოდეს. ნაკლებად მჯერა, რომ ეს ჩვენი ხელისუფლებიდან მოდიოდეს, მაგრამ საიდანაც შეიძლება მოდიოდეს რა ვიცი, იმათთვის პრაქტიკულად შეუღწეველი ადგილი არ არსებობს. სულ არ არის გასაკვირი, რომ ნებისმიერ ადგილას შეაღწიონ და მათთვის არასასურველ პერსონა მოსპონ, თუმცა ეს ვერ გახდება იმის მოტივაცია, რომ ამის შიშით ადამიანმა არაფერი თქვას, არაფერი არ გააკეთოს, თავისი ქვეყნის ინტერესები არ დაიცვას“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
0
0