
მოლდოვის პარლამენტმა დსთ-დან ქვეყნის გასვლას დაუჭირა მხარი.
ამის შესახებ მოლდოვის პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მოლდოვის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შესაბამისი ოქმისა და ორგანიზაციის წესდების დენონსაციის შესახებ.
დოკუმენტების გაუქმების ინიციატორი მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო გახდა. უწყებაში აღნიშნეს, რომ დსთ-ის ფუნდამენტური ღირებულებები და პრინციპები აღარ სრულდება, ხოლო ორგანიზაციამ თავისი არსებობის აზრი დაკარგა.
დსთ-დან გასვლის გადაწყვეტილების მიზეზი გახდა რუსეთის მიერ ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარებისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპის უხეში დარღვევა.
„ეს პრინციპი, რომელიც დსთ-ის შექმნის საფუძველი იყო, დარღვეულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული აქტი განახორციელა და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონოდ ინარჩუნებს სამხედრო ჯარებს“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციიდან გასვლა ქვეყნის ბიუჯეტს ყოველწლიურად 150 ათასი ევროზე მეტის დაზოგვის საშუალებას მისცემს. სწორედ ამდენს შეადგენდა მოლდოვის საწევრო შენატანი დსთ-ის ბიუჯეტში.
0
0