05/11/2024
20:02
მსოფლიო
მოლდოვაში ოპოზიციური ბლოკი „გამარჯვება“ საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგების გასაჩივრებას აპირებს.
როგორც ოპოზიციური ბლოკის წევრები აცხადებენ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნებსა და ევროინტეგრაციის საკითხზე გამართულ რეფერენდუმზე „სასურველ შედეგს ევროპულ საარჩევნო უბნებზე თაღლითობისა და მასობრივი დარღვევების წყალობით მიაღწია“. მათი მოსაზრებით, პროევროპელმა პოლიტიკოსმა, ფაქტობრივად, „სამჯერ წააგო“.
ბლოკი „გამარჯვება“ მიიჩნევს, რომ რუსეთსა და დასავლეთში მოლდოვური დიასპორის წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემის პროცესი არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა.
მათი თქმით, მოლდოვის ყველაზე დიდი დიასპორა რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს, მაგრამ იქ მხოლოდ ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა, ევროპის ქვეყნებში კი ათობით უბანი იყო, მაგრამ ბევრი – ცარიელი. ოპოზიცია „ამ უსამართლო პრაქტიკის“ საკანონმდებლო დონეზე აღმოფხვრას ითხოვს.
ბლოკ „გამარჯვების“ წარმომადგენლებმა მოლდოვის პრეზიდენტს „მატყუარა“ უწოდეს და განაცხადეს, რომ მან „ძალაუფლების უზურპაცია“ მოახდინა.
„სანდუ დამარცხდა ქვეყნის შიგნით და უნდა წავიდეს“, – ამბობენ ოპოზიციონერები.
0
0