18/12/2022
15:33
მსოფლიო
მოლდოვაში ექვს სატელევიზიო არხს ლიცენზია შეუჩერეს.
"ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, ადგილობრივ მარეგულირებელ ორგანოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტელეკომპანიები უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ და „საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობდნენ“.
სამაუწყებლო ლიცენზია შეუჩერდა შემდეგ ტელეარხებს: „პირველი მოლდოვაში“, „რტრ მოლდოვა“, „აქცენტ ტვ“, „ენ-ტე-ვე მოლდოვა“, „ტვ6“, „ორჰეი ტვ“. ინფორმაციის თანახმად, ამ ტელეარხებიდან ოთხი რეგულარულად ახდენდა რუსული ტელევიზიების ეთერის რეტრანსლაციას.
საპასუხოდ „ტვ6“-ის ხელმძღვანელობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ტელეარხს ლიცენზია „უსაფუძვლოდ შეუჩერეს“. ტელეკომპანიაში მომხდარს „გამოხატვის თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა“ უწოდეს.
რუსეთის საგარეო უწყებაში მოლდოვის ხელისუფლების გადაწყვეტილება „ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შელახვად შეაფასეს“.
„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, იმ არხების ნაწილი, რომელთაც მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერეს, პრორუსული პარტია „შორის“ ლიდერის, ილან შორის ახლო მოკავშირეების მფლობელობაშია. ამ პარტიამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კიშინიოვში არაერთი საპროტესტო აქცია მოაწყო.
0
0