
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, 74 პირი დააკავეს. მოლდოვის ახალი ამბების სააგენტო NewsMaker-ის ინფორმაციით, ისინი 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპერაციის უკან რუსეთის სადაზვერვო სამსახურები დგანან, ხოლო ეჭვმიტანილები დაკავშირებული არიან, როგორც მოლდოვურ პარტიებთან, ასევე კრიმინალურ დაჯგუფებებთან.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროკურატურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ ფურტუნემ განაცხადა, რომ მასობრივი არეულობის მომზადების შესახებ გამოძიება ჯერ კიდევ 2025 წლის ივლისში დაიწყო. ამ პერიოდში შესაძლებელი გახდა იმ პირთა ჯგუფის საქმიანობის იდენტიფიცირება, რომლებიც რეგულარულად მიემგზავრებოდნენ სერბეთში ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად. ამისათვის მონაწილეებმა დაახლოებით 400 ევრო მიიღეს.
გამოცემის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად, ხელისუფლებამ ამოიღო იარაღი, საბრძოლო მასალა, კარვები, შენიღბვის ტანსაცმელი, პასპორტები და სხვა ფიზიკური მტკიცებულებები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილებს ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
0
0