23/05/2023
22:01
სამართალი
დიდ დიღომში მოკლული 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმის გამოძიებაში, შესაძლოა ლიეტუვა ჩაერთოს. მოზარდს ლიეტუვისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. ამიტომ, საქმე მაშინვე მოექცა ლიეტუვის გენერალური პროკურატურის ინტერესის არეალში. ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
ლიეტუვური მედია-პორტალის Delfi.lt-ის ინფორმაციით, ლიეტუვის გენერალური პროკურატურა ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე საგამოძიებო პროცესს და როგორც ირკვევა, ლიეტუვის გენერალური პროკურორი, ნიდა გრუნსკენე თავის ქართველ კოლეგას, ირაკლი შოთაძეს დაუკავშირდა და გამოძიების დეტალებით დაინტერესდა.
Delfi.lt წერს, რომ შოთაძესა და გრუნსკენეს სატელეფონო საუბრის შემდეგ შედგა შეთანხმება, რის შემდეგაც, საქართველოში ლიეტუვიდან ჩამოვიდნენ პროკურორი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი. ისინი გაეცნენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და გამოძიების გაჭიანურებისა თუ გამოძიების პროცესში მკაფიო ხარვეზები არ დაფიქსირებულა.
მოკლული მოზარდის ჯახი და მათი ადვოკატები ამჯერად ლიეტუველი ექსპერტების ჩართვას ითხოვენ კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში, რომლის დანიშვნაც დაზარალებულმა მხარემ აპრილის ბოლოს, მას შემდეგ მოითხოვა, რაც გასაჯაროვდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო დასკვნა.
გარდა ამისა, როგორც "რადიო თავისუფლებას" 12 წლის ანის დედამ უთხრა, მას შემდეგ რაც მან სოციალურ ქსელში 2 პიროვნების ფოტო გამოაქვეყნა, რომლებსაც შესაძლოა გარკვეული ინფორმაცია ჰქონოდათ მომხდარზე, ერთ-ერთი მათგანი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მკვლელობის საღამოს ნამდვილად გაიარა იმ ტერიტორიაზე, თუმცა არანაირი ხმა არ გაუგია.
შეგახსენებთ, 12 წლის მოზარდის ცხედარი 17 მარტის ღამეს, დიდ დიღომში, მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა, სახლთან ახლოს, პეტრიწის 12 ნომერთან იპოვეს. ტერიტორია, სადაც ბავშვი ნახეს, მისი სახლის უკან, დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს.
0
0