
მაღაროელი გიორგი კუპატაძე მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და მოუწოდებს, შეხვდეს გაფიცულ მშრომელებს.
კუპატაძე თბილისში გასაპროტესტებლად ჭიათურიდან დღეს, 21 ივნისს ჩამოვიდა.
„მინდოდა მომენახულებინა ჩემი ბიჭები, ჩემი მაღაროელები, ჩემი ძმისგულები და კარგი ადამიანები. ისედაც დატანჯული ხალხი ვართ ჩვენ მაღაროელები და დღეს კიდევ უფრო გვტანჯავენ. მე მინდა ღარიბაშვილს მივმართო, მოვიდეს, ჩამხედოს თვალებში და ჩემს ტკივილს, ყველაფერს რაც მე და თითოეულ მაღაროელს გაგვაჩნია, ყველაფერს იგრძნობს ამ თვალებიდან. ეს არის თვალები, რომელიც გადმომცემია იმის, თუ რა ტკივილი და გაჭირვება აქვს ჩვენს ჭიათურას.
მე პირადად, 44 წლის კაცი რატომ უნდა ვიმალებოდე „მარშრუტკაში“, რომ ბილეთი ვერ ავუღო მეორე ჩემს მეგობარს, ჩემს თანამშრომელს? ამის საშუალება ნუთუ არ უნდა მქონდეს?! თითოეულ ჩვენგანს, მოშიმშილე ბიჭებს, ვენებდაჭრილ ბიჭებს, ბანკის ვალები გვაქვს ყველას. ყველას გვიჭირს. და რას მოვითხოვთ? – მინიმალურს,“ — განაცხადა კუპატაძემ “ნეტგაზეთთან" ინტერვიუში.
კუპატაძე ამბობს, რომ თვალები მას შემდეგ ამოიკერა, რაც მათთან ჭიათურის გუბერნატორი მივიდა და „ჯორჯიან მანგანეზის“ დაცვა დაიწყო. მაღაროელი დასძენს, რომ დაცვა ამჟამად სამთოელებს სჭირდებათ და არა კომპანიას.
„დაზიანება მივიღე, ხელში 17 ნაკერი მადევს, რკინა ვერ ამომიღია ხელიდან, იმიტომ რომ საშუალება არ მაქვს, რომ ექიმთან მივიდე. ამის დროც არ მაქვს. კომპანიამ 500 ლარამდე დამირიცხა ტრავმისთვის, არადა ამ ხელს საერთოდ ვეღარ ვხმარობ, ვერ ვწევ ვერაფერს,“ – ამბობს კუპატაძე, რომელმაც მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
დღეს მაღაროელთა გაფიცვის მე-16 და მათი ნაწილის შიმშილობის მე-10 დღეა. მაღაროელების მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების გაზრდა და უსაფრთხო, ღირსეული შრომითი პირობებია.
ჭიათურაში რამდენიმედღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, მაღაროელთა ერთი ჯგუფი თბილისში ჩამოვიდა. მათ კარვები გაშალეს პარლამენტის წინ და ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. 4-მა მათგანმა დღეს თბილისშიც დაიწყო შიმშილობა.
ჭიათურაში კი ერთ-ერთი მოშიმშილე დღეს შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
წყარო: “ნეტგაზეთი”
0
0