
საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა, დასრულდა და ამ დროისთვის ახალ მონაკვეთზე მატარებლები სატესტო რეჟიმში მოძრაობენ. სპეციალისტების შეფასებით, ეს არის მასშტაბური, ისტორიული პროექტი, რომელიც რამდენიმე ძირითად მიზანს ემსახურება: უპირველესად, გაიზრდება რკინიგზის გამტარუნარიანობა, შემცირდება საექსპლუატაციო ხარჯები და მიმოსვლის დრო, თუმცა, პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით – საქართველოსთვის, როგორც რამდენიმე რეგიონული სატრანსპორტო პროექტისა და, დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტრანსკასპიური სატრანზიტო მარშრუტის „შუა დერეფნის“ საკვანძო მონაწილისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი და გამართული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.
პროექტის ფარგლებში, რომლის სრული სამშენებლო სიგრძე, გვირაბებისა და ხიდების ჩათვლით, დაახლოებით 40 კილომეტრია, ჩატარდა ძალიან მასშტაბური სამუშაოები, მათ შორის ხაშური-ზესტაფონის, ხაშური-მოლითისა და ხარაგაული-ზესტაფონის უბნებზე. შედეგად, პროექტის ფარგლებში აშენდა: 6 გვირაბი და 10 სარკინიგზო ხიდი, ასევე ჩატარდა მიწის ვაკისის მოცულობითი სამუშაოები (ზესტაფონი-ხარაგაულის უბანზე), აშენდა მოლითის, ქვიშხეთისა და ძირულას ახალი სადგურები, ქვესადგური ქვიშხეთში, მოლითის ქვესადგურს კი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდა მრუდების გასწორება, ახალი ხელოვნური ნაგებობების აგება, დაიგო ათეულობით კილომეტრი ახალი და კაპიტალურად შეკეთდა ასევე ათეულობით კილომეტრი ლიანდაგი, განახლდა ელექტრომომარაგების სისტემები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებისთანავე სატრანზიტო დროის შემცირება დაიწყება. ლაშა აბაშიძის ინფორმაციით, მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, კომპანიამ უღელტეხილის მონაკვეთზე სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ააშენა.
,,რკინიგზისათვის ყველაზე რთული რელიეფი უღელტეხილის მონაკვეთია. ამ ტერიტორიის გადაკვეთას მატარებლები ყველაზე დიდ დროს ანდომებენ, მოდერნიზაციის პროექტმა კი სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოგვცა. აღსანიშნავია, რომ პირველი იანვრიდან აქამდე არსებული 47-ვაგონიანი შემადგენლობა 57 გახდება, ასევე გავზრდით მატარებლების წონას 2800 ტონიდან 3600 ტონამდე, რაც საშუალებას მოგვცემს, თითო გადაზიდვაზე გაცილებით მეტი ტვირთი გავატაროთ“ – აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.
კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, სატრანზიტო დროის შემცირების გარდა, საქართველოს რკინიგზის მთავარი გამოწვევა სავაგონო და სალოკომოტივო პარკის განახლებაა.
,,შევისყიდით სრულიად ახალ ელმავლებს და გვექნება ახალი, თანამედროვე სალოკომოტივო პარკი. ეს არის რკინიგზისთვის ყველაზე დიდი პროექტი, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ. სატრანზიტო დროის შემცირებითა და ახალი სალოკომოტივო პარკით საქართველოს რკინიგზა ,,შუა დერეფანში“ კიდევ უფრო მიმზიდველი და სტრატეგიული პარტნიორი გახდება“ – განაცხადა ლასა აბაშიძემ.
მოდერნიზაციის პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო ტენდერით შერჩეულმა სამშენებლო კომპანია შპს ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფმა“ ჩაატარა. პროექტს საინჟინრო ზედამხედველობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ავსტრიულ-გერმანული კონსორციუმი ILF (ILF Consulting Engineers) და DB (Deutsche Bahn) უწევდნენ. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდი ლარია.
მოდერნიზაციის შედეგად, უღელტეხილის მონაკვეთზე სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა შეიქმნა. პროექტის სრული ამოქმედების შემდეგ მოხდება მოძრაობის ოპტიმიზაცია, ასევე გაუქმდება სამთო რეჟიმი, რაც სატვირთო მატარებლების მსვლელობის დროს დამატებით 4 საათამდე შეამცირებს.
მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შედეგად, 10%-ით მცირდება საქართველოს რკინიგზის საექსპლუატაციო ხარჯები, 40-50 წუთით კი უღელტეხილის მონაკვეთზე სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მსვლელობის დრო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება. აღნიშნული ფაქტორები საკმაოდ დიდ შედეგს მოუტანს კომპანიას ხარჯების დაზოგვისა და ტვირთების სტატისტიკის გაუმჯობესების კუთხით. მოდერნიზაციის პროექტის სრულად ამოქმედება საქართველოს რკინიგზას უფრო სტაბულურსა და მიმზიდველს გახდის ადგილობრივი თუ საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
0
0