09/06/2023
14:20
პოლიტიკა
ძალიან კომიკურია, რომ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ავრცელებს სწორ ინფორმაციას და ჯიმ ო'ბრაიანი, რომელიც წარმოადგენს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ავრცელებს დეზინფორმაციას. ეს არის ოქსიმორონი. მოცემულობა, რომ რეფორმების ნაცვლად დღეს საქართველოზე სანქციების მიმართულებით საუბრობენ, არის სავალალო და კატასტროფული, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა, რითაც ფინანსთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო'ბრაიანის განცხადება „მედიის მხრიდან ინტერპრეტირებულია და გამოყენებულია საქართველოს წინააღმდეგ მორიგი დეზინფორმაციისთვის“.
ბუაძე დარწმუნებულია, რომ ჯიმ ო’ბრაიანის განცხადებას, რომ საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის პრობლემას ქმნის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან კონკრეტული არგუმენტები მოჰყვება და საუბარს იმაზე, თუ რას აკეთებს და რას არ აკეთებს საქართველო სანქციების გვერდით ავლასთან მიმართებაში, ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაეცემა.
„თავისთავად, ძალიან კომიკური არის, რომ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ავრცელებს სწორ ინფორმაციას და ჯიმ ო’ბრაიანი, რომელიც წარმოადგენს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ავრცელებს დეზინფორმაციას. ეს არის ოქსიმორონი. ეს არის უდიდესი სისულელე. ჩვენი პარტნიორები, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირები ამ განცხადებებს აკეთებენ ყოველთვის კონკრეტული მტკიცებულებების და არგუმენტის საფუძველზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ განცხადებას ჩვენი პარტნიორების მხრიდან მოჰყვება ძალიან კონკრეტული არგუმენტები და ამ დაუსრულებელ საუბარს იმაზე, თუ რას აკეთებს და რას არ აკეთებს საქართველო სანქციების გვერდით ავლასთან მიმართებაში, ერთხელ და სამუდამოდ გაეცემა პასუხი.
სანქციები დღეს დგას ადგილობრივი და საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგში. შესაბამისად, რა ფორმა ექნება მომავალში ამ სანქციებს, ან გაგრძელდება თუ არა სანქცირების პოლიტიკა, ამას დრო გამოაჩენს, მაგრამ თავისთავად, ის მოცემულობა, რომ რეფორმების ნაცვლად დღეს საქართველოზე სანქციების მიმართულებით საუბრობენ, არის სავალალო და კატასტროფული,“ - აღნიშნა ბუაძემ.
„ლელოს“ წევრმა ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა და როგორც აღნიშნა, „ის, რომ ღარიბაშვილისა და შოლცის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგიც კი არ იქნება, არის ერთ-ერთი საგანგაშო ინდიკატორი იმისა, თუ როგორ აფასებენ ჩვენი პარტნიორები ჩვენს ევროპელ პერსპექტივას“.
„გერმანია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ევროკავშირში, მათ შორის, გაფართოების პოლიტიკასთან მიმართებაში და გერმანიის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. ძალიან კარგად ჩანს მათი გაზრდილი ინტერესი საქართველოსთან მიმართებით. ეს მზარდი ინტერესი ყველა მიმართულებით დასტურდება. მეორე საკითხია, რას ვაკეთებთ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ამ მზარდი ინტერესის საპასუხოდ, მაგრამ ის, რომ ღარიბაშვილისა და შოლცის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგიც კი არ იქნება, არის ერთ-ერთი საგანგაშო ინდიკატორი იმისა, თუ როგორ აფასებენ ჩვენი პარტნიორები ჩვენს ევროპელ პერსპექტივას და როგორ უყურებენ ისინი „ქართულ ოცნებას“, როგორც ამ რეფორმების განმახორციელებელს,“ - განაცხადა ბუაძემ.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024