18/11/2022
09:17
მსოფლიო
რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებამ ბევრ ტრანსგენდერ ადამიანს დოკუმენტების შეცვლისკენ უბიძგა. მათ არ სურთ ფრონტზე მოხვდნენ.
საბუთების შესაცვლელად ტრანსგენდერებმა სპეციალური კომისია უნდა გაიარონ. ბევრი ამ პროცედურის გავლას ან უფულობის გამო ვერ ახერხებდა, ან უბრალოდ მისი საჭიროება არ არსებობდა.
"Настоящее Время" იმ ხალხს ესაუბრა, ვინც პასპორტში სქესის შეცვლას ცდილობს ან უკვე შეიცვალა. ასევე იმ აქტივისტებს, რომლებიც მათ ეხმარებიან.
გამოცემა რამდენიმე ტრანსგენდერის ისტორიასაც წერს. როგორც ვრცელ სტატიაშია აღნიშნული, რესპონდენტები საცხოვრებელი ადგილის მისამართს მალავენ. მიუხედავად იმისა, რომ გაწვევის ბარათი ჯერ არ მისვლიათ, საყოველთაო მობილიზაციის მაინც ეშინიათ.
ერთ-ერთი რესპონდენტი კი ყვება, რომ სქესის შეცვლაზე ადრეც ფიქრობდა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ომმა და ახალმა რეპრესიებმა დააჩქარებინა.
იურისტი მაქსიმ ოლენიჩევი, რომელიც ტრანსგენდერებთან მუშაობს, ამბობს, რომ სექტემბრის ბოლოდან მას 500 ტრანსგენდერი ადამიანი დაუკავშირდა. ისინი საბუთების შეცვლაზე, სქესის შეცვლაზე, სქესის შეცვლის შემდეგ ქორწინების შენარჩუნებაზე ეკითხებოდნენ და იმაზეც, თუ როგორ დაეღწიათ თავი მობილიზაციისთვის.
იურისტი ამბობს, რომ მას სამხედროებმაც მიმართეს, რომლებიც საკუთარ იდენტობაზე ღიად არ საუბრობენ.
წყარო: რადიო თავისუფლების ქართული ბიურო
0
0