
მნიშვნელოვანია, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომლებიც ხორციელდება და რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.
ამასთან, როგორც ხუციშვილმა განაცხადა, მსოფლიო ბანკი განაგრძობს თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან პროექტებთან დაკავშირებით, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართა როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ისე მსოფლიო ბანკის მენეჯმენტთან. ასევე, მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო საინვესტიციო კომპანიებსა და ინვესტორებთან, რომლებსაც დიდი დაინტერესება აქვთ საქართველოს ეკონომიკისადმი, ჩვენი მაღალი ეკონომიკური ზრდისადმი და ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრებისადმი, რომელმაც აჩვენა ძალიან დიდი წინსვლა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია ის მიღწევები, რომლებსაც საქართველომ მიაღწია იმ რეფორმების განხორციელების პროცესში, რომლებმაც რიცხვებში დაადასტურეს თავიანთი წარმატება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომლებიც ხორციელდება და რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ. ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკი განაგრძობს თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან პროექტებთან დაკავშირებით, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ასევე ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამა, რომელიც ერთობლივად გვაქვს შეთანხმებული და რომელიც ითვალისწინებს 500 მლნ დოლარის დაფინანსებას, აღნიშნული პროგრამები ძალიან აქტიურად გაგრძელდება. ასევე, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ჩამოვა საქართველოში მეოთხე მუხლის მიმოხილვაზე, სადაც შევაჯამებთ იმ პროგრესს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში და ასევე, დავსახავთ სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
0
0