
NATO-ს საიუბილეო სამიტი ვაშინგტონში გახსნილია - ფორუმი, რომლის მთავარი თემაც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიანი ომია, სამი დღე გაგრძელდება. საზეიმო ცერემონიის გახსნისას სამიტის მონაწილეებს მიესალმა მასპინძელი ქვეყნის, აშშ-ის პრეზიდენტი. სიტყვით გამოსვლის დროს ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის განკუთვნილი საჰაერო თავდაცვის დიდი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ითქვა, რომ კიევს ათობით ახალ სისტემას უახლოეს თვეებში გაუგზავნიან.
შეკრებილებს მიმართა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მდივანმაც. იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი ჩამოაყალიბებს გლობალურ უსაფრთხოებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში. მისივე განცხადებით, NATO არ არის სრულყოფილი და ისინი აგრძელებენ რთული გადაწყვეტილებების მიღებას.
"NATO-ს მთავარი მიზანია ომის თავიდან აცილება, მშვიდობის შენარჩუნება, საიმედო შეკავების უზრუნველყოფით, რათა არასწორი გათვლებისგან თავი დავიზღვიოთ. სანამ ჩვენ გვექნება საიმედო შეკავების მექანიზმი, არ იქნება შეიარაღებული თავდასხმა NATO-ს რომელიმე მოკავშირეზე. 75 წლის განმავლობაში, შევძელით მშვიდობის შენარჩუნება. ამას შევძლებთ მომავალშიც, ვიდრე ძლიერ დაცვას უზრუნველვყოფთ. არ არსებობს გზა ძლიერი თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ძლიერი თავდაცვის ინდუსტრიის გარეშე. ჩვენ მთლიანად თქვენზე ვართ დამოკიდებული, რადგან თქვენ, რეალურად, აწვდით და აწარმოებთ ჩვენთვის საჭირო შესაძლებლობებს, იარაღს, საბრძოლო მასალას, იმ სისტემებს, რომლებიც გვჭირდება ძლიერი თავდაცვისთვის. მნიშვნელოვანია, პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის, უკრაინასთან. უკრაინელებს საბრძოლო გამოცდილება და საჭირო უნარები აქვთ. დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიას გააძლიერებს. მივესალმებით ამასთან დაკავშირებულ ჩვენს ყველა ინიციატივას და წინადადებას. ასევე, უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენს სხვა პარტნიორებთან," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სამიტს დაესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. ილია დარჩიაშვილი პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს ტარდება. ოფიციალური ინფორმაციით, გაიმართება ორმხრივი შეხვედრებიც.
0
0
11 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/05/2026
შემოსავლების სამსახურის განცხადება
08/05/2026