19/07/2022
19:01
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება არავის, მათ შორის არც ჩვენი დაცვა - წერილის შინაარსი შეთანხმებული გვქონდა, შესაბამისად, პასუხისმგებლობას ვიღებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილზე უმრავლესობის გუნდი ინფორმირებული იყო.
„ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება არავის და მათ შორის არც ჩვენი დაცვა. იქით შეიძლება დაიცვას ძალიან ბევრი. მთავარი საზრუნავი არის არა ის, რომ კონკრეტულ პირს გავუფრთხილდეთ, (თუმცა ესეც შეიძლება იყოს ჩვენი საზრუნავი, რადგან ეს კაცი ჩვენი დამფუძნებელია) არამედ ის, რომ როდესაც ოლიგარქიულ მმართველობას გაბრალებენ, ეს არის ზიანის მიყენება ჩვენი სახელმწიფოსთვის.
ამ წერილის შინაარსი შეთანხმებული გვქონდა. პრემიერმა მე და გუნდი ჩაგვაყენა საქმის კურსში, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა, შესაბამისად პასუხისმგებლობას ვიღებთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ პრემიერის წერილის მიზანს განმარტავს და ამბობს, რომ მმართველ გუნდს სურს, ევროკომისიის დოკუმენტი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციისთვის არ იყოს გამოყენებული.
„წერილის მიზანი არის რა - არსებობს ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავებისთვის იყენებს. ასევე არის ევროკომისიის შეფასების დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი, რასაც რადიკალური ოპოზიცია და მისი ლობისტები პოლარიზაციისთვის იყენებენ. ჩვენ გვინდა, რომ ევროკომისიის დოკუმენტი არ იყოს გამოყენებული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციისთვის. ზუსტად ამას ემსახურებოდა პრემიერის წერილი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ. ეს არის ამ წერილის არსი და მიზანი. რაც შეეხება 12 პუნქტს - ყველამ კარგად იცის, რომ წარმოვადგინეთ ამ გეგმის შესრულების კონკრეტული გრაფიკი პასუხისმგებელი სუბიექტებით, ვადებით, ასე რომ ამ თემასთან დაკავშირებით კითხვა არ არსებობს“,- განაცხადა კობახიძემ.
0
0