
ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, ამერიკის საელჩო გაემიჯნოს ნებისმიერ ისეთ გეგმას, რომელიც საქართველოში ვითარების არევას და წალეკვას უკავშირდება,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება შეაფასა, სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე.
როგორც კობახიძემ განმარტა, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ „USAID-ის დაფინანსებით ჩამოდიან რევოლუციის ექსპერტები საქართველოში და პირდაპირ ესაუბრებიან ე.წ. აქტივისტებს, როგორ უნდა განახორციელონ ძალადობრივი, უმძიმესი ქმედებები“.
„სამწუხაროდ, ეს ხდება USAID-ის დაფინანსებით. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ საელჩო ამ ყველაფერს გაემიჯნებოდა, თუმცა, ძალიან შემაშფოთებელი განცხადება მოვისმინეთ. არ ვიცი, მომავალში როგორ განავითარებენ საკუთარ პოზიციას, მაგრამ თვითონ ეს განცხადება ძალიან შემაშფოთებელი იყო. ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ამერიკის საელჩო გაემიჯნოს ნებისმიერ ისეთ გეგმას, რომელიც საქართველოში ვითარების, ამ ქვეყნის არევას, წალეკვას უკავშირდება, როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ“,- აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აღნიშნავდა, რომ მათი ერთ-ერთი პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსადმი მათი დახმარების მიზნებს.
0
0