
„უფლებები საქართველოს“ განცხადებით, მათი ადვოკატების განცხადების საფუძველზე, თბილისის პროკურატურამ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაზარალებულად ცნო დიდ დიღომში გარდაცვლილი გოგოს დედა.
„უფლებები საქართველომ“ ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყება 2023 წლის 5 ივლისს მოითხოვა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა დადგინდეს, თუ რა გარემოებებში მოხდა საკვანძო მტკიცებულებების შემცველი დალუქული პაკეტის მთლიანობის დარღვევა, რამაც გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებზე მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევებისა და ნადებების წარმოქმნა გამოიწვია.
ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანებას თბილისის პროკურატურა იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფო ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ცნობისთვის, 17 მარტს, დიდ დიღომში, 12 წლის ანი იანუშაიტიტე სახლთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი გოგოს დედა ამბობს, რომ მისი შვილი მოკლულია და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს.
0
0