
კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს აფასებს. მისი თქმით, თავად “ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ მათი საკონსტიტუციო ინიციატივა მოქმედ კონსტიტუციურ სტანდარტს ეწინააღმდეგება - კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა იმდენად აშკარაა, რომ იდეის გასატანად კონსტიტუციის შეცვლაა საჭირო! .
ამასთან, მენაბდის თქმით, “ქართული ოცნება“ ნიადაგს სინჯავს და აღნიშნული ნაბიჯით “საქართველოს ავტორიტარი პუტინის და სხვა არადემოკრატი ლიდერების იდენტურ ხედვას სთავაზობს“.
“ქართული ოცნების” ინიციატივასთან დაკავშირებით სამი კითხვა ისმება - შეესაბამება თუ არა ის ადამიანის უფლებების კონსტიტუციურ მოქმედ სტანდარტებს? რა მიზანი აქვს “ქართული ოცნების” ამ ინიციატივას და რა მიზეზი უდევს მას საფუძვლად?
პირველ კითხვაზე პასუხი მარტივია - ინიციატივა რომ ადამიანის უფლებების მოქმედ კონსტიტუციურ სტანდარტს ეწინააღმდეგება, ეს თავად “ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, როცა კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტზე დაიწყო საუბარი. “ოცნებაც“ ხვდება, რომ იმდენად აშკარაა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა, ამ იდეის გასატანად კონსტიტუციის შეცვლაა საჭირო.
რაც შეეხება მეორე კითხვას, “ქართულმა ოცნებამ“ მომზადებული ინიციატივით რამდენიმე კურდღლის დაჭრა განიზრახა. ერთია ის, რომ წინასაარჩევნოდ მემარჯვენე-კონსერვატორული პროფილი კიდევ უფრო გამოკვეთა. ამ გზით სურს, ელექტორალური რესურსი, რაც ამ მიმართულებით არსებობს, ბოლომდე ამოწუროს. მეორეს მხრივ, აღრმავებს პოლარიზაციას - ფსევდოტრადიციული ღირებულებებით მანიპულირებს და ცდილობს, ის წინასაარჩევნო დებატების თემად აქციოს, საზოგადოება დააპირისპიროს და ამაზე კაპიტალიზირდეს. “ქართული ოცნება“ სხვა პარტიებს აიძულებს ამ თემაზე პოზიცია დააფიქსირონ და თავად ყველაზე რადიკალური დამცველი გამოჩნდეს.
ამავდროულად, დისკუსიის კონსტიტუციის დონეზე ატანა იმასაც ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება“ ნიადაგს სინჯავს - ის ამ ნაბიჯით საქართველოს საზოგადოებრივი მოწყობის ავტორიტარი პუტინის და სხვა არადემოკრატი ლიდერების იდენტურ ხედვას სთავაზობს. შარშან ვნახეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ამის დანერგვა მარტივი არ არის. ამიტომ მმართველ გუნდს სურს, ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად ამომრჩევლის ლეგიტიმაცია მიიღოს. ის ამბობს, რომ ინიციატივა ჩემია, მაგრამ მისთვის ხორცის შესასხმელად არჩევნებზე ხალხის მხარდაჭერა მჭირდება. თუ ის ამ მხარდაჭერას მიიღებს, რიტორიკულ არსენალში დაემატება არგუმენტი, რომ აი, ხალხმა მომცა თანხმობა, ეს ხალხის ნებაა! თუმცა მე ასევე მგონია, რომ რეალური მიზანი სხვაა - საკონსტიტუციო უმრავლესობა “ქართულ ოცნებას“ სინამდვილეში სხვა ცვლილებებისთვის სჭირდება, რომელსაც 113 მანდატის ქონის პირობებში უზენაეს კანონში ამ ინიციატივასთან ერთად გაატარებს - არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი მაჟორიტარიზმის რაიმე ფორმით დაბრუნება იყოს!”, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ვახუშტი მენაბდემ.
გარდა ამისა, როგორც მენაბდე აცხადებს, მმართველმა გუნდმა არ იცის რა როგორ გაუმკლავდეს ქვეყნის წინაშე არსებულ რეალურ გამოწვევებს, სურს გამოიგონოს პრობლემა, რაზეც ილაპარაკებს“.
“ქართული ოცნება“ ხედავს რამდენი პრობლემაა აქვთ საქართველოს მოქალაქეებს. იმასაც ხვდება, რომ მას ამ პრობლემების გადასაჭრელად საკუთარი ამომრჩევლისთვის არაფრის შეთავაზება არ შეუძლია. მმართველმა გუნდმა არ იცის როგორ გაუმკლავდეს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, საგარეო პოლიტიკურ და სხვა გამოწვევებს რომლის წინაშეც დგას, ამიტომ ერთადერთი რაც შეუძლია არის ის, რომ გამოიგონოს პრობლემა რაზეც ილაპარაკებს. მმართველი გუნდი ახლა უნდა საუბრობდეს სოციალური პოლიტიკის ცვლილებებზე, შრომის პოლიტიკაზე, ეკონომიკურ უთანასწორობაზე, სიღარიბის აღმოფხვრაზე, დავალიანებაზე, მიგრაციაზე, განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. თუ მას ქართული ოჯახი მართლა ადარდებს, მის ფინანსურ გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს, უნდა გვითხრას როგორ უნდა დააბრუნოს საქართველოში ათასობით მშობელი მათ შვილებთან, როგორ არ იშიმშილონ ბავშვებმა სახლში და სკოლაში. ამის ნაცვლად დისკუსიას გამოგონილ თემებზე გვთავაზობს, რომელიც არავის აინტერესებს და რომელსაც არაფრის მოტანა არ შეუძლია გარდა საზოგადოების გახლეჩისა”, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.
“ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.
0
0