16/02/2023
17:26
მსოფლიო
მკვლელობაში ცრუ ბრალდებით დაპატიმრებული ამერიკელი მამაკაცი 28 წლის შემდეგ გაათავისუფლეს
ამერიკელმა მამაკაცმა მისურის შტატის საპყრობილეში თითქმის 28 წელი გაატარა იმ ცრუ ბრალდებით მისჯილი მკვლელობისთვის, რომლის ჩადენასაც ყოველთვის უარყოფდა.
50 წლის ლამარ ჯონსონი სენტ-ლუისის მოსამართლის დევიდ მეისონის 14 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
მოსამართლის განმარტებით, მისი გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ ორმა მოწმემ „მკაფიო და დამაჯერებელი მტკიცებულება“ წარმოადგინა ჯონსონის უდანაშაულობის შესახებ.
ლამარ ჯონსონი 1994 წელს ვინმე მარკუს ბოიდის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული.
როდესაც მოსამართლის გადაწყვეტილება გამოცხადდა და მხარდამჭერებმა ტაში დაუკრეს, ლამარ ჯონსონმა თქვა: „ძალიან ამაღელვებელი გადაწყვეტილებაა!“
2022 წელს ლამარ ჯონსონის ადვოკატმა კიმ გარდნერმა აშშ-ს გენერალური პროკურორის ოფისს ჯონსონის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. ადვოკატმა არაკომერციულ იურიდიულ ორგანიზაცია Innocence Project-სთან ერთად ჯონსონის საქმეზე გამოძიება ჩაატარა.
14 თებერვლის სასამართლო სხდომის შემდეგ, ჯონსონის იურიდიულმა გუნდმა გენერალური პროკურორი გააკრიტიკა, რომელიც მის ციხეში დარჩენას მოითხოვდა.
„პროკურორი მუდმივად ამტკიცებდა, რომ ლამარი დამნაშავე იყო და ის ტანჯვით უნდა მომკვდარიყო ციხეში“, - ნათქვამია ჯონსონის ადვოკატების განცხადებაში.
გენერალური პროკურორის პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ ოფისი აღარ მიიღებდა შემდგომ ზომებს ამ საქმეზე.
1994 წლის ოქტომბერში, მარკუს ბოიდი ლამარ ჯონსონის ვერანდაზე ორმა ნიღბიანმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ჯონსონმა არაერთხელ აღნიშნა, რომ თავდასხმის დროს სახლში არ იმყოფებოდა.
მოსამართლე დევიდ მეისონმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთმა მოწმემ გააუქმა საკუთარი ჩვენება, ხოლო ერთ-ერთმა პატიმარმა აღიარა, რომ ბოიდს მან ესროლა სხვა ეჭვმიტანილთან, ფილ კემპბელთან, ერთად. თავდაპირველი სასამართლო პროცესის დროს კემპბელმა დანაშაული აღიარა და მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
0
0