
"საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ოქროს მოწმე არსებობს და ის დღეს იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთში გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო. როგორც ანთაძე ამბობს, საოკუპაციო რეჟიმისგან გატაცებულ დოთიაშვილზე მიიღეს ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს.
"ველოდებით საოკუპაციო ძალებისგან პასუხს, რათა პირველ რიგში, რაც მთავარია, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქე, რომელიც შეესწრო ამ მკვლელობის ფაქტს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს არ არის რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მკვლელობის პირველი შემთხვევა.
ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამ მკვლელობასთან დაკავშირებით არის შეურიგებელი. რაც მოხდა ამას არანაირი ადამიანური გამართლება არ აქვს. ვმუშაობთ აქტიურად, რომ დაბრუნდეს უკანონოდ დაკავებული ოჯახში... მეორე უკანონოდ დაკავებულთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმისგან ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ იგი დავაბრუნოთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და შემდეგ უკვე თავად დავრწმუნდეთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა", - ამბობს ანთაძე.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს სროლა იყო საოკუპაციო ხაზთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისას გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი ის ადგილობრივი მცხოვრები თამაზ გინტურია. რუსმა ოკუპანტებმა ასევე უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.
ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.
განცხადება გაავრცელა სადამკვირვებლო მისიამ, რომელმაც მხარეებს მოუწოდა, “თავი შეიკავონ და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად”.
0
0