
რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილის აზრით, საქართველო ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან ზეწოლას არ განიცდის და ეს უკვე მხარდაჭერაა.
ამის შესახებ დეპუტატმა რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემაში "სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან" მარკო რუბიოს განცხადებიდან გამომდინარე დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა: თუ რატომ არ აქვს ღია მხარდაჭერა საქართველოს ტრამპის ადმინისტრაციისგან მაშინ, როდესაც ევროკავშირთან მიმართებაში ორივე ქვეყანას ერთნაირი მიდგომები აქვს.
ირაკლი ქადაგიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს თემის მეტი აქტუალიზაცია, სავარაუდოდ, რუსეთ - უკრაინის ომის დასრულების კონტექსტში მოხდება.
მისი თქმით, საქართველოს სომხეთთან და აზერბაიჯანთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, სტრატეგიულ ურთიერთობაშია თურქეთთან და ახერხებს, რომ არ იყოს რუსეთის აგრესიის ქვეშ - საქართველო დღეს მშვიდობის კუნძულია და ამიტომ ნომერ პირველი რიგის ამოცანა არ არის ტრამპისთვის.
,,ის, რომ ტრამპს და ტრამპის ადმინისტრაციას ევროპაში მოკავშირედ ჰყავთ ვიქტორ ორბანი, ეს უკვე მეტყველებს, რომ ჩვენი იდელოგია და ჩვენი ხედვა მსოფლიო მშვიდობასთან და ევროპასთან დაკავშირებით, თანხვედრაშია. ეს ადრე თუ გვიან თავის ნაყოფს გამოიღებს“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.
გადაცემა სრულად👇🔗:
0
0