20/06/2023
14:37
პოლიტიკა
მიზანმიმართული ძალადობა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, არის მცდელობა, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - არც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო არ არის განწყობილი მხარი დაუჭიროს სტატუსის მინიჭებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ბრიუსელში და სტოკჰოლმში დაგეგმილი შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა, სადაც ევროკომისია ევროკავშირის ელჩებსა და ევროპის საქმეთა მინისტრებს საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების საკითხზე მოხსენებას წარუდგენს.
სამადაშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე სავარაუდოდ დაიტესტება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების განწყობები საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
„განსაკუთრებით უკანასკნელი დღეების მანძილზე, "ქართული ოცნება" თავგამოდებით ცდილობს, რომ თუ ვინმეს შერჩა კიდევ პოლიტიკური განწყობა, რაიმე პოზიტიური თქვას სტატუსის მინიჭების პროცესზე, ესეც გაანეიტრალოს, ვგულისხმობ იმ მიზანმიმართულ, დაგეგმილ ძალადობას, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს უკანასკნელი დღეების განმავლობაში, როცა თავს დაესხნენ ზურა ჯაფარიძეს, ლევან ბერძენიშვილს, ეს ყველაფერი არის "ქართული ოცნების" მცდელობა, ჩააგდონ ყველა რეფორმა, რომელსაც ევროკავშირი გვთხოვს, რომ საქართველომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მე არ ვიცი, რა იქნება ხვალინდელი მსჯელობის შინაარსი, ვვარაუდობ, კომისიის დასკვნა იქნება, რომ არ არის განხორციელებული ევროკავშირის მოთხოვნები, ამავე დროს დაიტესტება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების განწყობები. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, დღეს ფაქტობრივად, არც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო არ არის განწყობილი მხარი დაუჭიროს სტატუსის მინიჭებას და ყველა ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ვერ გახდეს შესაძლებელი პოზიციის დაკავება, რომ სტატუსი უნდა მიენიჭოს ქვეყანას, მაგრამ არსებობს გეოპოლიტიკური მოსაზრებები. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს გეოპოლიტიკური მოსაზრებები გადაწონის იმ მიზანმიმართულ საბოტაჟს, რომელიც წარმართა „ქართულმა ოცნებამ," რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ,"- განაცხადა სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილმა ამ კონტექსტში ისაუბრა გვარამიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს პოზიციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სისტემას მართავს ივანიშვილი, ხოლო მართლმსაჯულების რეფორმა ჩავარდნილია.
„სასამართლო სისტემის რეფორმა არის ყველაზე დიდი ჩავარდნა, ეს ყველასთვის არის ცნობილი. გვარამიას საქმეზე უზენაესი სასამართლოს პოზიციამ დაადასტურა, რაც იცის ყველამ, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, რომ სისტემას, „კლანს“ მართავს ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ ჩვენი პოზიცია არის ერთი და იგივე - დასანქცირება მხოლოდ „კლანის“ მოსამართლეების საკმარისი არ არის, დასავლეთმა სერიოზული ზეწოლა უნდა განახორციელოს ივანიშვილზე, თუ რეალურად სურს ამ ქვეყნის დასავლური მომავლის დაცვა და უზრუნველყოფა,"- განაცხადა სამადაშვილმა.
0
0