
„ქართული ოცნების“ ოფიციალური განცხადების შემდეგ, MEGOBARI Act-ს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მისი შეფასებით, ინიციატივა ერთდროულად შეიცავს მუქარას და ქვეყანასთან ვაჭრობას მის სუვერენიტეტზე.
„ის, რასაც აშშ-ს პოზიციად ცდილობენ დღეს გაყიდონ, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კონგრესმენის ინიციატივაა, რომლის მსგავსი არაერთი დაინიცირებულა, თუმცა უშედეგოდ.
ინიციატივა ერთდროულად შეიცავს მუქარას და ქვეყანასთან ვაჭრობას მის სუვერენიტეტზე. მუქარას - სანქციებით, ვაჭრობას - ვიზალიბერალიზაციით, სამხედრო დახმარებით და თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობით“, - წერს მდინარაძე.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს, „ჩამქრალი საპროტესტო მუხტი“ უწოდა, MEGOBARI Act-ის მიზნად კი მისი გაღვივება დაასახელა.
„რეალურად, ამ სატესტო ინიციატივის მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება. ის ახალი მაშველი რგოლია ჩამოშლილი ოპოზიციისთვის. ვხედავთ მათ შესაბამის, ისტერიულ რეაქციებსაც.
წარმოუდგენელია მეგობარი ქვეყნის კანონმდებლისგან სანქციებით მუქარაც და ქვეყნის ბედზე და მის სუვერენიტეტზე ვაჭრობაც“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
0
0