20/01/2025
15:00
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილმა თავისი საქმიანობა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური, სწორი გადაწყვეტილებით და ძალიან ბევრი ოჯახი გაახარა, - ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების საკითხს ეხებოდა. მისი თქმით, ამ პროცესში ჩართული იყო მთელი სისტემა, განსაკუთრებით კი იუსტიციის სამინისტრო, რომლის რეკომენდაციები და დახასიათებაც პრეზიდენტის გადაწყვეტილების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი იყო.
„მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ მიდიოდა ეს პროცესი, რადგან ამაში მთელი სისტემა იყო ჩართული, მათ შორის, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტრო, სასჯელაღსრულების დაწესებულება, რომლის დახასიათებას, რეკომენდაციას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა; როგორ იქცეოდნენ კონკრეტული მსჯავრდებულები, რესოციალიზაციის მიზნები რამდენად იყო მიღწეული. გამოხტნენ ახლა სოციალურ ქსელებში - როგორ მოასწრო 613 საქმის განხილვაო. მათ ჰგონიათ, რომ პრეზიდენტი უნდა ჩაუჯდეს ყველა საქმეს და დეტალურად უნდა განიხილოს? რას აკეთებს მისი ადმინისტრაცია, რას აკეთებს სასჯელაღსრულების დაწესებულების უამრავი თანამშრომელი, იუსტიციის სამინისტრო, სხვა შესაბამისი უწყებები, რომლებიც რისკებს განიხილავენ და თითოეულ მათგანთან თავისი პოზიცია აქვთ თითოეულ მათგანთან დაკავშირებით დაფიქსირებული. მთელი სისტემა მუშაობს ამაზე და ეს სისტემა, მათ შორის, რომლის სათავეში ამ შემთხვევაში არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეცნობა დეტალურად და ინდივიდუალურად, ყველა მსჯავრდებულთან დაკავშირებით რეკომენდაციას უწევს თითოეულ მათგანს პრეზიდენტთან, რათა მან შეიწყალოს. მე ვიცი, რომ სია იყო გაცილებით დიდი, მაგრამ, პრევენციული რისკების გათვალისწინებით ის შემცირდა. ასევე ვიცი, რომ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი მიმართულებით მუშაობა. დიდი მადლობა მიხეილ ყაველაშვილს ამისთვის; ჩვენი მიზანია პრევენციული თვალსაზრისით სასჯელის სწორი აღსრულება და პატიმრების რაოდენობის შემცირება, რომ საშუალო ევროპულ სტანდარტს მაქსიმალურად მივუახლოვდეთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
0
0