29/11/2021
14:43
პოლიტიკა
„დაჯექი, ჯარჯი, დაჯექი. შენთვის სჯობს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ამ ტექსტებს მოერიდო. მე გეუბნები, რომ სჯობს“, - ასე მიმართა ნიკა გვარამიამ პროკურორს, ჯარჯი წიკლაურს.
„20 წუთია ვისმენთ და ერთი სიტყვა არ თქმულა განსახილველ საქმეზე. იქნებ სასამართლომ შეახსენოს, რომ ბატონი მიხეილი პრეზიდენტის სტატუსით არ გამოდის და ის ბრალდებულის სტატუსით იმყოფება აქ. მგონი, 20 წუთი მიმართვის გონივრული დრო იყო რამდენი ხანი შეიძლება ვუსმინოთ აბსოლუტურად სხვა გარემოებებზე, სხვა ქვეყნებთან დაკავშირებულ განცხადებებს?“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
ამის საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ სასამართლოს მიმართა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა არის ისტორიული სიტყვა და მას უნდა მიეცეს განცხადების გაკეთების შესაძლებლობა.
„მხოლოდ 20 წუთი ეყოთ პროკურორებს საიმისოდ, რომ მოესმინათ ეს მართლაც ისტორიული სიტყვა. დარწმუნებული ვარ, აქ წარმოდგენილ პროკურორებს კიდევ უფრო ღრმად აინტერესებთ მიხეილ სააკაშვილის სიტყვის შემდგომი ნაწილი, მაგრამ, ალბათ, უთხრეს, რომ მანდ იმიტომ კი არ ხართ, რომ ბრალდებულს მხარი დაუჭიროთ, იმიტომ ხართ, რომ მოაწყოთ დესტრუქცია. ქალბატონო ნინო, ადამიანის მიმართ წარდგენილია ბრალდება მის პრეზიდენტობასთან დაკავშირებით და 20 წუთი კი არა, 1 საათიც რომ იყოს, თუ ფიზიკური შესაძლებლობა მას მისცემს ამის უნარს, რომ 50 დღის ნაშიმშილებზე ისაუბროს, ძალიან გთხოვთ, პროკურატურასთან პრევენცია მოვახდინოთ და თქვენ განუსაზღვროთ, რომ მსგავს ჩარევებს არ ჰქონდეს ადგილი, რათა ამ პოლემიკაში არ გადაიზარდოს ეს ისტორიული სიტყვა“, - ასე მიმართა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ საქმის მოსამართლეს, ნინო ელიეშვილს.
საბოლოოდ, მოსამართლემ პროკურორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილს სიტყვით გამოსვლის გაგრძელების საშუალება მისცა.
„ბრალის დადგენილება და დისპოზიცია რომ წავიკითხე, იქ თვლით, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. ასე ედავებით მას, ხომ? ბრალდების დადგენილების ციტირება მოვახდინე, შესაბამისად, მან უნდა ისაუბროს. ჩვენ ამ წლების განმავლობაში დაუსწრებლად ვიხილავდით აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. ძალიან ბევრი პროცესი გვაქვს ჩატარებული, ბევრი მოწმე გვყავს დაკითხული საათობით და ბევრი კითხვები გვაქვს მოსმენილი. ის პირველად წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე საქართველოში და მას აქვს უფლება განცხადების გაკეთების და ბრალთან დაკავშირებით თავისი პოზიციის დაფიქსირების. ამაში საათობრივად დაკავშირებით ვერ შევზღუდავთ, რადგან კანონი ასეთ შემთხვევაში ბრალდებულის სტატუსის მქონე პირს, აძლევს უფლება გამოთქვას აზრი და განცხადებისთვის რეგლამენტს ვერ დავაწესებთ. შესაბამისად, შეგიძლიათ გააგრძელოთ“, - განაცხადა მოსამართლემ, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა გააგრძელა.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025