01/08/2024
15:15
საზოგადოება
მივმართავთ აზერბაიჯანის ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია გახდეს მოქმედი ტაძარი და საქართველოს საპატრიარქოს მიეცეს მასში ღვთისმსახურების რეგულარულად ჩატარების უფლება, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში საუბარია დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, კახის რაიონში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოკლიპზე, რომლის ინტერნეტსივრცეში გავრცელებამ საზოგადოების გულისწყრომა გამოიწვია.
„რამდენიმე დღეა ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მუსიკალური ვიდეოკლიპი, რომლის კადრებიც გადაღებულია ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში, კახის რაიონში, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. კადრებში ჩანს, რომ აზერბაიჯანელი მუსიკოსი ტაძრის ამბიონზე დგას და „აჭარულის“ მელოდიისა და სიმღერის თანხლებით ელექტრონულ მუსიკალურ ინსტრუმენტზე „ასრულებს“ გარკვეულ კომპოზიციას.
აღნიშნულმა ფაქტმა მყისიერად გამოიწვია საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა. როგორც ირკვევა, მოგვიანებით შემსრულებელმა კომპოზიცია Youtube არხიდან წაშალა და განაცხადა, რომ ეს ვიდეო ქართული კულტურისა და ხელოვნებისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამოსახატავად გადაიღო და მას სხვა მიზანი არ ამოძრავებდა. ასევე დასძინა, რომ უმოკლეს დროში გამოასწორებდა ამ შეცდომას. თუმცა, კლიპის ამონარიდები ამ დრომდე კვლავ იძებნება სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმაზე.
სამწუხაროდ, ეს ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჰერეთში მდებარე ქართულ სიწმინდეს - ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარს ასე უპატივცემულოდ ეპყრობიან და იყენებენ ცალკეული ვითომ კულტურულ-სახელოვნებო კამპანიისათვის.
საქართველოს საპატრიარქო ყველა მსგავსი შემთხვევებისადმი გამოუხატავს თავის უარყოფით დამოკიდებულებასა და წუხილს. ამჯერადაც გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს აღნიშნული ფაქტის გამო. ქურმუხის ტაძარი უდიდესი მნიშვნელობის სალოცავია. ეს სიწმინდე აღიარებულია არა მარტო მართლმადიდებლების, არამედ მუსლიმთა მიერაც. გარდა ამისა, მას აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან ისტორიულ-კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ამიტომ კიდევ უფრო გაუგებარი და დიდად საწყენია, რომ მსგავსი შეუფერებელი და შეურაცხმყოფელი ქმედებები ხდება ამ ტაძარში.
მივმართავთ აზერბაიჯანის ხელისუფალთ და ვთხოვთ სულიერ ლიდერს, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს, მის აღმატებულებას, შეიხ ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს, დროულად მოხდეს ფაქტების მოკვლევა და სათანადო ზომების მიღება არსებული შემთხვევების სამომავლოდ აღმოსაფხვრელად.
იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ქვეყნებსა და რელიგიურ ლიდერთა შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულება მსგავსი უპატივცემულო შემთხვევების დროულად გამოსწორების წინაპირობა იქნება და შესაბამისი ორგანოებისა და პირების მხრიდან სათანადო რეაგირების შედეგად პასუხგაუცემელი არ დარჩება.
და ბოლოს, მსგავსი შემთხვევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესია-მონასტრებისათვის თავდაპირველი დანიშნულების აღდგენა. ამიტომ მივმართავთ აზერბაიჯანის ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია გახდეს მოქმედი ტაძარი და საქართველოს საპატრიარქოს მიეცეს მასში ღვთისმსახურების რეგულარულად ჩატარების უფლება, რადგან ზემოაღნიშნული ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა და მუდმივად ვდგავართ იმ პრობლემის წინაშე, რომელიც იწვევს დაძაბულობას, საზოგადოების სამართლიან გულისწყრომას და რელიგიური გრძნობების შელახვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0