
მივმართავ ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია, ამაზე შევთანხმდეთ – 200 ათასი დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდოს სახით, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული სამსახურისთვის ისინი ჯილდოს სახით მიიღებენ ნახევარ მილიონ ლარზე მეტს.
„დაიმახსოვრეთ, 200 ათას დოლარს მიიღებს ყველა ჯილდოს სახით საქართველოს მოქალაქეებისთვის და ქვეყნის გაწეული სამსახურისთვის, ვინც იარაღს უბრალოდ არ ისვრის. დააგდეთ ეგ გაზის იარაღი და როგორც კი იქნება სახელმწიფო და არა ბიძინა ივანიშვილის კანტორა, 200 ათას დოლარს მიიღებს. იქნებით 50? 50-ვეს. საიდან მოვიტანთ ამ ფულს? გადახედეთ, რიჟვაძე, ლილუაშვილი, გომელაური, რამდენია ამოსაღები ბიუჯეტისთვის. თქვენ მიიღებთ ამ ჯილდოს. 200 ათასი დოლარი არის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი.
მივმართავ სხვა თანამშრომლებსაც, 200 ათასი დოლარი იმასაც უნდა მივცეთ ჯილდოს სახით, ვინც სისტემას ამხელს. ეს არ არის სიტყვების რახარუხი. თუ არადა 4 ოქტომბერს, როცა გავისტუმრებთ ამ ხელისუფლებას, ვინც გონს მოეგება ხომ კარგი და ვინც არ მოეგება, ისინი ძალიან ინანებთ. ითანამშრომლეთ ქართველ ხალხთან“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
0
0