11/04/2023
13:03
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კიდევ ერთხელ პასუხობს ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკას.
ხაბეიშვილის თქმით, მისი ვიზიტი პოლონეთში წინასწარ იყო დაგეგმილი და მის კოლეგებს ამ ინფორმაციის მოძიება შეეძლოთ.
„მე ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები პოლონეთში, სადაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა მიიღოს ჯილდო. ასევე, ეს ვიზიტი დაგეგმილი იყო პოლონელების მხრიდან 2-3 კვირით ადრე და ცხადია, ამის გამო პარლამენტში არაანაზღაურებადი მივლინებაც მაქვს დაწერილი და ჩემს კოლეგებს მარტივად შეეძლოთ ამ ინფორმაციის მოძიება“, - განუცხადა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, რომელმაც აშშ-ის მიერ დასანქცირებული მოსამართლეების საქმეები უნდა შეისწავლოს, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ის მხარს დაუჭერს მის შექმნას.
„მიუხედავად ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებისა, ნებისმიერ შემთხვევაში ვაპირებ მხარი დავუჭირო ამ კომისიის შექმნას“, - აცხადებს ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ ქვეყანა დატოვეს, პრეზიდენტს კიდევ ერთხელ, ამჯერად თხოვნით მიმართეს, რომ სხდომა 11 აპრილს აღარ მოეწვია.
0
0